„საქართველოს კარი ტურისტებისთვის ღიაა" - კახა კალაძე კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება

Sputnik
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოში ნებისმიერი ეროვნების ტურისტის ჩამოსვლა დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, მთავარია, ყველამ პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერი Astoria Grande-ის შემოსვლის გამო გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული პრობლემების გათვალისწინებით, არავინ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან რუსი ხალხის ჩამოსვლას.

„საქართველოს კარი ტურისტებისთვის ღიაა. ეს შეიძლება იყოს რუსი, ევროპელი, ამერიკელი. მე პრობლემას ვერ ვხედავ. მთავარია, ყველამ პატივი სცეს საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონმდებლობას, დაიცვას კანონი. ჩამოვიდნენ, დახარჯონ თანხები, ეს ფული ხომ საქართველოს ეკონომიკაში მიდის? ეს პროტესტი ისევ და ისევ საქართველოს, საქართველოს ეკონომიკის წინააღმდეგ არის მიმართული. მათ არ სიამოვნებთ, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა", – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებს და იცავს საქართველოში მყოფ ნებისმიერ მოქალაქეს.

„ქართული პოლიცია კანონის ფარგლებში დაიცავს ნებისმიერს, იქნება ეს რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის თუ ამერიკის მოქალაქე. მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს. ისინი ყოველთვის დგანან საქართველოს სადარაჯოზე. საკუთარი სიცოცხლის ფასად მზად არიან დაიცვან ქვეყნის ინტერესები", – განაცხადა კალაძემ.

ბათუმში საკრუიზო ლაინერის წინააღმდეგ ოპოზიციამ და მისმა მომხრეებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. ლაინერი პორტში დღეს, დაახლოებით 06:00 საათზე შემოვიდა. აქციის მონაწილეები გემს სტვენით, ბანერებითა და შეძახილებით შეხვდნენ. შეკრებილთა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. ბოლო ცნობებით, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 23 პირი დააკავა.
საკრუიზო ლაინერი რუსი მგზავრებით სანქციების ქვეშ არ არის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო>>>
საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელიც ასრულებს რეისს სოჭიდან თურქეთში, ივლისიდან ბათუმის პორტში რეგულარულად შემოსვლას გეგმავდა, მაგრამ პორტში საპროტესტო აქციების ფონზე ბათუმი ლაინერის მარშრუტის სიიდან ამოიღეს.
გემი Astoria Grande პალაუს დროშით დაცურავს და მას თურქეთის საკრუიზო კომპანია Miray Cruises International ემსახურება. გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.
ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.