საკრუიზო ლაინერი რუსი მგზავრებით სანქციების ქვეშ არ არის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში აღარ შემოვა.
Sputnik
„თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემოსული საკრუიზო ლაინერი Astoria Grande-ს მფლობელი კომპანია არა SOVFRACHT, არამედ Goodwin Shipping Limited-ია, ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ განცხადებით გამოეხმაურა სააგენტო მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პალაუს დროშით მცურავი საკრუიზო ლაინერის მფლობელი რუსეთის მსხვილი სატრანსპორტო-ექსპედიტორული კომპანია SOVFRACHT-ია, რომელიც აშშ-ის მიერ სანქცირებულია.

„ხაზგასმის ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. საკრუიზო გემის მფლობელი კომპანიაა Goodwin Shipping Limited, რომელიც არცერთ საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება", – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ისე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით.

„შესაბამისად, თუ გემი ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება", – განმარტეს სააგენტოში.

საკრუიზო ლაინერის წინააღმდეგ ოპოზიციამ და მისმა მომხრეებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. ლაინერი პორტში დღეს, დაახლოებით 06:00 საათზე შემოვიდა. აქციის მონაწილეები გემს სტვენით, ბანერებითა და შეძახილებით შეხვდნენ. შეკრებილთა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. ბოლო ცნობებით, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 23 პირი დააკავა.
ლაინერი Astoria Grande შეამოწმეს: პოლიციამ მიზეზი განმარტა>>>
საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელიც ასრულებს რეისს სოჭიდან თურქეთში, ივლისიდან ბათუმის პორტში რეგულარულად შემოსვლას გეგმავდა, მაგრამ პორტში საპროტესტო აქციების ფონზე ბათუმი ლაინერის მარშრუტის სიიდან ამოიღეს.
გემი Astoria Grande პალაუს დროშით დაცურავს და მას თურქეთის საკრუიზო კომპანია Miray Cruises International ემსახურება. გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.
ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.