თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. კიევში მონუმენტ „დედა-სამშობლოდან“ საბჭოთა კავშირის გერბის დემონტაჟი დაიწყო, იუწყება უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრო.
გერბი რამდენიმე მეტრიან ფოლადის ფარზეა განთავსებული, რომელიც სამშობლოს სიმბოლოს, ქალის ფიგურას უჭირავს.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისთვის — 24 აგვისტოსთვის, სსრკ-ის გერბის ნაცვლად ფარზე უკრაინის გერბი უნდა დამაგრდეს.
აღსანიშნავია, რომ 29 ივლისს უკრაინის ისტორიის ეროვნულმა მუზეუმმა წამოაყენა წინადადება, მონუმენტს „დედა-სამშობლოს“ ნაცვლად, „დედა-უკრაინა“ ეწოდოს.
მონუმენტი კიევში, დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს, მეორე მსოფლიო ომში უკრაინის ისტორიის მუზეუმის ტერიტორიაზე. ქალის ფიგურის სიმაღლე 62 მეტრია (102 მეტრი კვარცხლბეკით). ეს არის ყველაზე მაღალი ქანდაკება უკრაინაში და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მსოფლიოში. იგი 1981 წელს აიგო. მის გახსნაში მონაწილეობდა მაშინდელი საბჭოთა ლიდერი ლეონიდ ბრეჟნევი.
ძეგლი არ დაქვემდებარებია უკრაინაში მიღებულ კანონებს დესოვეტიზაციის შესახებ; კიევის ბევრი მცხოვრები მას აღიქვამს არა როგორც საბჭოთა ეპოქის ძეგლს, არამედ როგორც ქალაქის ერთ-ერთ სიმბოლოს. თუმცა გამოკითხვამ, რომელიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ჩატარდა, აჩვენა, რომ გამოკითხული 780 000 მოქალაქის85% მხარ უჭერდა ფარზე გერბის შეცვლას. ეს ცვლილება კულტურის სამინისტრომ დაამტკიცა.