თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი" უკვე მთელ საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
„მობილური იუსტიციის სახლი" იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტია, რომელიც სპეციალურად შემუშავდა ქალაქებისგან მოშორებით მდებარე დასახლებებისათვის და საშუალებას აძლევს სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს, იუსტიციის სახლში მისვლის გარეშე, საკუთარი სახლის ჭიშკართან მიიღონ სახელმწიფო და კერძო სექტორის 450-ზე მეტი სერვისი.
„მობილური იუსტიციის სახლის" პროექტი 2021 წლის სექტემბერში აჭარის რეგიონში დაიწყო და 2 წელზე ნაკლებ დროში მთელი საქართველო დაფარა. ის 10 რეგიონის – სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, აჭარის, გურიის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის სოფლებს მოიცავს.
პროექტის ამოქმედებიდან დღემდე „მობილური იუსტიციის სახლის" სერვისებით 42 ათასზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა.