თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. 30 ივლისი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისსა და ბათუმში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. შრომითი ექსპლუატაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებულ შეხვედრებს კერძო კომპანიებში დასაქმებულ პირები ესწრებოდნენ.
საინფორმაციო შეხვედრებზე პროკურორებმა და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოში ტრეფიკინგის მიმართულებით არსებული მდგომარეობა, მიღწევები და გამოწვევები განიხილეს.
„შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ დაიცვან თავი შრომითი ექსპლუატაციისგან, ვის მიმართონ ტრეფიკინგის სავარაუდო შემთხვევის დროს და რა სახელმწიფო სერვისებია ხელმისაწვდომი დაზარალებულთათვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პროკურატურის ინფორმაციით, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტული მიმართულებაა. კერძოდ, პროკურატურაში შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის, პრევენციისა და აღკვეთის სამუშაო ჯგუფი ფუნქციონირებს, რომლის შემადგენლობაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები შედიან.
აღნიშნული სამუშაო ჯგუფის მიზანია სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოსავლენად.
პროკურატურის ცნობით. საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და ამ მიმართულებით თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წელს გავრცელებული ანგარიშის მიხედვით, საქართველო ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში უმაღლეს საფეხურზეა და მოწინავე ქვეყნების ჩამონათვალში შედის. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო სრულად აკმაყოფილებს სახელმწიფოების მიერ ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტებს.
საქართველოში ტრეფიკინგის მსოფლიო დღე 2014 წლიდან აღინიშნება.