საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიურ ფესტივალზე 8 მედალი მოიპოვა

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალი 14-დან 18 წლამდე ევროპის საუკეთესო სპორტსმენებისთვის განკუთვნილი მულტისპორტული შეჯიბრებაა
Sputnik
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. სლოვენიის ქალაქ მარიბორში ევროპის რიგით XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა.
დახურვის ცერემონიაზე საქართველოს მედროშეები იყვნენ ოლიმპიური ფესტივალის ოქროს მედალოსანი მათე გველესიანი და მოცურავე ანა ნიჟარაძე.
საქართველო ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 31 სპორტსმენით, რომლებმაც იასპარეზეს სპორტის ცხრა სახეობაში (ძიუდო, მძლეოსნობა, ცურვა, 3x3 კალათბურთი, ველოსპორტი-საგზატკეცილო, სამთო ველოსპორტი, ტანვარჯიში, სკეიტბორდი, ჩოგბურთი).
ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს გუნდმა 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, საერთო ჩათვლაში კი 48 ქვეყანას შორის მე-14 ადგილი დაიკავა.
Fair Play-ის პრიზი ქართველ ძიუდოისტ მათე გველესიანს გადაეცა
დახურვის ცერემონიას წინ უძღოდა Fair Play-ის დაჯილდოების ცერემონია. სპეციალური კომისიის წევრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, სამართლიანი თამაშის პრიზი ქართველ ძიუდოისტს, ფესტივალის ჩემპიონ მათე გველესიანს გადაეცა.
ქართველმა სპორტსმენმა ხელში აიყვანა ფინალში გასული ტრავმირებული ხორვატი მეტოქე ლუკა ტაკიჩი და ასე დაეხმარა მას მისულიყო კვარცხლბეკამდე 66 კგ წონითი კატეგორიის მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონიაზე.
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალი 14-დან 18 წლამდე ევროპის საუკეთესო სპორტსმენებისთვის განკუთვნილი მულტისპორტული შეჯიბრებაა