თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. შავ ზღვაში წყლის ხარისხი კიდევ ერთხელ შემოწმდა და დადგინდა, რომ ის ნორმის ფარგლებშია, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 16 და 20 ივლისს განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია“, — აცხადებს სააგენტო.
სააგენტოს ცნობით, კვლევებისას განისაზღვრა შავი ზღვის წყლის ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე ლითონისა, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადებისა, 16 პოლიაორმატული ნახშირწყალბადისა და ასევე სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრების კონცენტრაცია.
„გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ 9 სადგურზე ახორციელებდა, ხოლო 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაიზარდა და დაემატა ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე 3 წერტილი. აღებულ სინჯებში ისაზღვრება 59 პარამეტრის მნიშვნელობები“, — განმარტავს სააგენტო.
გავრცელებული ცნობით, სინჯები საანალიზოდ ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც მაღალი სიზუსტის ხელსაწყოებითაა აღჭურვილი და „სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს“.