თბილისი Un Weekend à l'Est-ის საპატიო სტუმარი იქნება

ფესტივალის პარტნიორი ორგანიზაცია საქართველოს მწერალთა სახლია
Sputnik
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქი პარიზის არტ-ფესტივალ Un Weekend à l'Est-ის საპატიო სტუმარი იქნება, რომელიც 2023 წლის 22-27 ნოემბრის პერიოდში ჩატარდება.
ფესტივალის მიზანია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კულტურის გაცნობა ფრანგულენოვანი საზოგადოებისთვის.
სახელოვნებო ფესტივალი პარიზში უკვე მეშვიდედ ტარდება და მიეძღვნება ქართულ ლიტერატურას, ვიზუალურ ხელოვნებას, კინოს, თეატრსა და მუსიკას. თბილისამდე ამ ფესტივალის საპატიო სტუმარი ქალაქები იყვნენ: ვარშავა, კიევი, ბუდაპეშტი, ბელგრადი, სოფია და ოდესა.
ერთი კვირის განმავლობაში პარიზის სხვადასხვა მნიშვნელოვან სივრცეში 30-მდე ღონისძიება გაიმართება ფრანგული ფესტივალის კურატორების მიერ შერჩეული 50-მდე ქართველი მწერლის და ხელოვანის მონაწილეობით.
ფესტივალის 5 ათასამდე სტუმარს საშუალება ექნება გაეცნოს ქართული კულტურის მრავალფეროვნებას: დაესწროს ლიტერატურულ ღონისძიებებს და კინოჩვენებებს, სპექტაკლებს, მოინახულოს მხატვრების და ფოტოხელოვანების გამოფენები, ასევე მოუსმინოს ქართველ მუსიკოსებს.
ფესტივალის Un Week-end à l'Est-ის ელჩია მწერალი ნანა ექვთიმიშვილი, ხოლო საპატიო სტუმარი - გერმანიაში მცხოვრები ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი.