ქადაგიშვილი: საქართველო მზადაა, წლის ბოლომდე კანდიდატის სტატუსის მისაღებად

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს ევროკავშირის ყველა ქვეყან დაუჭერს
Sputnik
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველო მზადაა იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოსთვის მიიღოს, განუცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ტელეკომპანია „იმედს“.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
„დღეს საქართველოში არის სრული მზაობა იმისა, რომ კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოსთვის მოგვანიჭონ. დანარჩენი პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი განმარტებით, რამდენიმე დღის წინ გამართულ კონფერენციაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს არა გარკვეული, არამედ ძლიერი პროგრესი.
„ახლახან იყო კონფერენცია, სადაც ევროკავშირის ელჩი ბრძანდებოდა, სხვა დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები, ელჩები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები და რა თქმა უნდა, საპარლამენტო ოპოზიციაც მოწვეული გვყავდა. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მიმართ რიტორიკა მათი მხრიდან იცვლება“, -განაცხადა ქადაგიშვილმა.
დეპუტატის თქმით, საქართველო სულ სხვა განვითარების ეტაპზეა და ეს ფსევდო-ლოზუნგები, რომლითაც მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ ოპერირებდნენ, ჰაერში გამოკიდებული დარჩა.
საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად წლის ბოლოს ელოდება. მანამდე, ოქტომბერში ევროკომისია ევროპული საბჭოსთვის რეკომენდაციებს მოამზადებს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში" აცხადებენ, რომ ყველაფერი გააკეთეს ევროკავშირის პირობების შესასრულებლად.