„არჩევნებამდე ვერ მიაღწევენ" - ოპოზიციონერი კოალიციის შექმნაზე

ჰერმან საბოს თქმით, უმეტეს შემთხვევაში ოპოზიცია ფინანსური რესურსების ირგვლივ ერთიანდება.
Sputnik
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნებისთვის იდეის გარეშე პარტიების ნებისმიერი გაერთიანება განწირულია დაშლისთვის, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის" წევრმა ჰერმან საბომ.
ოპოზიციური პარტიების „ნაციონალური მოძრაობისა" და „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ვაშაძემ 2024 წლის არჩევნებისთვის კოალიციის შექმნის შესახებ 20 ივლისს განაცხადეს. ოპოზიციური პარტიები „ლელო", „გირჩი - მეტი თავისუფლება" და „დროა" კი არჩევნებისთვის „ნაცმოძრაობის" კოალიციის ალტერნატივის შექმნაზე კონსულტაციებს ატარებენ.

„იდეის გარეშე გაერთიანება დაშლისთვის არის განწირული. არაერთი გაერთიანება გვინახავს, რომელიც დაშლილა... ნებისმიერ გაერთიანებას წებო სჭირდება და ეს წებო იმაშია, რომ ერთნაირი რაღაცები გვინდოდეს სასამართლოში, ეკონომიკაში და ა.შ. ეს აუცილებელი წინაპირობაა მყარი გაერთიანებისთვის", – განაცხადა საბომ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, უმეტეს შემთხვევაში ოპოზიცია ფინანსური რესურსების ირგვლივ ერთიანდება – ერთ მხარეს პარტიის „ლელო საქართველოსთვის" ლიდერი, ყოფილი ბანკირი მამუკა ხაზარაძე და მეორე მხარეს „ნაცმოძრაობის" დამაარსებელი, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თავდაცვის ექს-მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელიც, მმართველი პარტიის მტკიცებით, „ნაცმოძრაობას" კულისებიდან მართავს.
„ალბათ ოპოზიციაში უმეტესად ფინანსური რესურსის გარშემო ერთიანდებიან: აქეთ – ხაზარაძის და იქით – სააკაშვილ-კეზერაშვილის გარშემო. ასე რომ, საპარლამენტო არჩევნებამდე ასეთი გაერთიანებები ვერ მიაღწევენ", – განაცხადა საბობ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ. რაც შეეხება "სტრატეგია აღმაშენებელს", იმავე გამოკითხვებით მისი რეიტინგი 1-2%-ს შორის მერყეობს.
ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობასა" და „ქართულ ოცნებას" შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების" სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.