საქართველო და კანადა საინვესტიციო ხელშეკრულების გაფორმებაზე მუშაობას აგრძელებენ

Sputnik
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ქალაქ ოტავაში საქართველოსა და კანადას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე (FIPA) მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდი გაიმართა, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე იყო. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკის, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.
არველაძის განცხადებით, საინვესტიციო შეთანხმება წაახალისებს სამეწარმეო ინიციატივებს და მოახდენს კერძო კაპიტალის თავისუფალი მოძრაობის სტიმულირებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მხარეთა შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას და ეკონომიკური რესურსების ეფექტურ გამოყენებას.
როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, აღნიშნული შეთანხმების პროექტის დებულებები მოიცავს ინვესტიციებისა და ინვესტორების დაცვის მექანიზმებს, მხარეთა შორის დავის წამოჭრის შემთხვევაში მათი გადაჭრის გზებს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისთვის.
ვიზიტის ფარგლებში არველაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ რობერტ სინკლერთან.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-კანადას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები სხვადასხვა სფეროში: ვაჭრობა და ინვესტიციები, ენერგეტიკა, წიაღისეულის მოპოვება და გადამუშავება, ტრანსპორტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და სხვ.
ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ე.წ. შუა სატრანსპორტო დერეფანში დამატებითი ტვირთნაკადის მოზიდვას.
საქართველომ და კანადამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დაამყარეს, ქვეყნებს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ჩამოყალიბდა.