თაღლითობა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია: გამოვლენილია დანაშაულებრივი ჯგუფი

დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით გზით სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივი დაზიანებისა და თანხების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე ოთხი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები თითქოსდა საყოფაცხოვრებო ნივთების რეალიზაციის თაობაზე, რა გზითაც შეიქმნეს დღგ-ის ყალბი აქტივი, რომელიც შემდეგ მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად გამოიყენეს.
უწყების ცნობით, აღნიშნული ქმედებით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა ჯამში 226.402 ლარის ზიანი.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 210-ე, 185-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.