ამიერკავკასიაში ხელოვნების ნიმუშების ექსპერტიზის პირველი სახელმწიფო ლაბორატორია გაიხსნა

ლაბორატორიის შექმნის მიზანია საქართველოსა და ამიერკავკასიის რეგიონში ხელოვნების ნიმუშთა კომპლექსური საექსპერტო კვლევების ჩატარება.
Sputnik
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. კულტურის სამინისტროს ინიციატივით შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ამიერკავკასიაში პირველი ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორია გაიხსნა, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლაბორატორიას, რომელიც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და სამინისტროსა და ირაკლი ფარჯიანის ფონდის თანამშრომლობით გაიხსნა, ირაკლი ფარჯიანის სახელი მიენიჭა.
სამინისტროს ცნობით, 542 კვ.მ სივრცეში განთავსებული ლაბორატორია მოწყობილია თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტით და აღჭურვილია უმაღლესი ტექნოლოგიური აპარატურით.
ლაბორატორიის მიზანი და ფუნქციაა საქართველოსა და ამიერკავკასიის რეგიონში ხელოვნების ნიმუშთა კომპლექსური საექსპერტო კვლევების ჩატარება და ნამუშევრების ავთენტურობის დადგენა უახლესი თაობის აპარატურისა და ტექნოლოგიების მეშვეობით (ინფრაწითელი გამოსხივების სპექტროსკოპი, რამანის ოპტიკური მიკროსკოპი, ელექტრონული მიკროსკოპი, სტერეო, პოლარული და ბინოკულარული მიკროსკოპები და სხვ.).

„საქართველოში აქამდე მსგავსი ფუნქციებისა და შესაძლებლობების ლაბორატორია არ ყოფილა და მისი გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ხელოვნებისა და ხელოვანებისთვის, მათი შემოქმედებისა და უფლებების დაცვისთვის", – აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, ლაბორატორია ხელს შეუწყობს ხელოვნების მუზეუმში სამეცნიერო და სარესტავრაციო საქმიანობის გაუმჯობესებას, ექსპონატების სამეცნიერო კვლევას, ატრიბუციას, დათარიღებას, ავთენტურობის დადგენასა და ა.შ.
დანიაში ფიროსმანის შემოქმედებას ეცნობიან>>
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ექსპერტიზის ლაბორატორია იწყებს ხელოვნების მუზეუმში დაცული მხატვრების, უპირველესად კი ფიროსმანის ნამუშევრებიდან მიკროსკოპული ნიმუშების შეგროვებას და ლაბორატორიისთვის აუცილებელი ტექნოლოგიურ მონაცემთა ბაზის შექმნას. ამ პროცესში, მუზეუმის გადამზადებულ თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ესპანელი ექსპერტიც.
უწყების ცნობით, ხელოვნების ნიმუშების საექსპერტო კვლევის სახელმწიფო ლაბორატორიის შექმნის იდეა გაჩნდა 2021 წლის ივლისში, როდესაც კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ირაკლი ფარჯიანის ფონდის თავმჯდომარემ მიხეილ ჯიქიამ ფარჯიანის ქალიშვილის სოფო ფარჯიანის ხელშეწყობით ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს.