პროცესი სააკაშვილის გახმაურებულ საქმეზე შეიძლება გაჭიანურდეს - განხილვა თავიდან დაიწყება

ერთ-ერთი მოსამართლე, რომელიც საქმეს განიხილავდა, პენსიაზე გავიდა, მხარეები გახმაურებული სისხლის სამართლის საქმის გადახედვაზე შეთანხმდნენ.
Sputnik
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოში ბოლო 15 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პროცესი 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და აწ გარდაცვლილი მილიონერის ბადრი პატარკაციშვილის ქონების მითვისების შესახებ შეიძლება გაჭიანურდეს – მოსამართლის შეცვლის გამო საქმის ხელახლა განხილვა მოხდება.
საქმეს, რომელშიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და გადამეტებაში ბრალდებული არიან საქართველოს ხელისუფლების მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი მაღალი თანამდებობის პირები ექს-პრეზიდენტის მეთაურობით, სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია დაახლოებით ცხრა წელია განიხილავს. კოლეგიის შემადგენლობაში შედიოდნენ მაია ქოქიაშვილი, ნინო ელევანიშვილი და ლია ორკოდაშვილი.
ორკოდაშვილი პენსიაზე გავიდა და ის კოლეგიაში ლაშა კლდიაშვილმა ჩაანაცვლა. სწორედ მოსამართლის შეცვლის გამო დაცვის მხარემ საქმის ხელახლა გადახედვის საკითხი დააყენა, და ბრალდების მხარე ამას დათანხმდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 26 ივლისის სხდომაზე საქმის გადახედვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მიიღეს, მიუხედავად ორივე მხარის თანხმობისა, რადგან აუცილებელი იყო პროცესზე საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დასწრება.
სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში დატოვა>>
სხვა დანაშაულების გამო მსჯავრდებული სააკაშვილი კლინიკაში იმყოფება და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პროცესში ვერ მიიღო მონაწილეობა. სასამართლომ გაითვალისწინა საქმეში ბრალდებულის მოთხოვნა და კლინიკა „ვივამედის" მიერ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და განხილვის 20 სექტემბრისთვის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.
თუმცა მანამდე სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, დაუსწრებლად გაეხანგრძლივებინა აღკვეთის ზომა პატიმრობა საქმის სხვა ფიგურანტების – იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისა და თავდაცვის ექს-მინისტრის დავით კეზერაშვილისთვის.
საქმეში ასევე ფიგურირებენ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და შინაგან საქმეთა ექს-მინისტრი ვანო მერაბიშვილი. ორივე გირაოს გადახდის შემდეგ თავისუფალი არიან.
ყველაზე რთული საქმე
ყოფილ მაღალჩინოსნებს ბრალი ედებათ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევაში, ტელეკომპანია „იმედში" შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების მითვისებაში. აღნიშნული საქმე, რომელიც 103 ტომისგან შედგება, 2014 წელს აღიძრა.
საქმეში ორი ეპიზოდია: აქციის დარბევა და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ქონების, მათ შორის ტელეკომპანია „იმედის" მითვისება.
კობახიძე: სააკაშვილის დროინდელი პოლიტიკოსები „ნაცმოძრაობას“ პერსპექტივას უკარგავენ>>
ამ პერიოდში სასამართლომ ასობით მოწმე დაკითხა, მათ შორის, პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე და იმ დროის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
ეპიზოდის დეტალები - 2007 წლის 7 ნოემბერი
გამოძიების მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ბრძანების საფუძველზე რუსთაველის გამზირსა და რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან მოხდა ოპოზიციონერი მომიტინგეების დარბევა და არალეტალური იარაღის უკანონო გამოყენება.
გამოძიების ვერსიით, 2007 წლის 7 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა, როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე უკანონოდ გამოიყვანა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე ტერიტორიაზე, რათა მათ დაემყარებინათ კონტროლი და არ დაეშვათ ადამიანების ქუჩებში ხელახლა გამოსვლა, რომლებიც პროტესტს გამოთქვამდნენ ნებისმიერი ფორმით.
იმავე დღეს, დასახული გეგმის შესაბამისად, ტელეკომპანია „იმედის" შენობაში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ შეიჭრა შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომელმაც გაანადგურა პირდაპირი ჩართვის აპარატურა, გამორთო ტელეკომპანია „იმედის" მაუწყებლობა, ხოლო „ტელეიმედის" თანამშრომლები ცემა-ტყეპით შენობიდან გამოყარა.
სასამართლომ ადეიშვილისა და კეზერაშვილის მიმართ შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა>>
სპეცდანიშნულების რაზმი ასევე სასტიკად გაუსწორდა ჟურნალისტებსა და მოქალაქეებს, რომლებიც ტელევიზიასთან პროტესტის გამოსახატად მივიდნენ. მათ წინააღმდეგ გამოიყენეს რეზინის ტყვიები და აიძულეს ტერიტორიის დატოვება.
ამის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში „იმედი" ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს დაბლოკილი ჰქონდათ. ტელეკომპანიის ზარალმა 3.158.307 ლარი შეადგინა.
ეპიზოდის დეტალები - პატარკაციშვილის საქმე
„იმედში" ძალისმიერი შეჭრისთვის სამართლებრივი ჩარჩოს მისაცემად ხელოვნურად შეიქმნა სამართლებრივი საქმის წარმოება, რომლის ფარგლებში, შესაბამისი სამხილების არარსებობის მიუხედავად, ეჭვმიტანილად აღიარეს ბადრი პატარკაციშვილი.
მისი ქონება დააყადაღეს და მას, როგორც მესაკუთრეს, აკრძალული ჰქონდა ქონების განკარგვა და გამოყენება.
გამოძიების ვერსიით, სააკაშვილის დავალებითა და მაღალჩინოსნების, მათ შორის, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილისა და სხვების უშუალო ჩარევით პატარკაციშვილის ოჯახს ზეწოლითა და დაშინებით წაართვეს ტელეკომპანია „იმედი", მთაწმინდის პარკი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.