სროლა „მზიურში“: დაკავებულ პოეტს ბრალი მკვლელობის მცდელობაში ედება

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზარალებულს რამდენჯერმე ესროლა და დაჭრა.
Sputnik
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. თბილისის ცენტრში მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულ მამაკაცს, რა დროსაც ბიზნესმენი დაიჭრა, ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების ფაქტზე წარედგინა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
ინციდენტი „მზიურთან“, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე იურიდიული კომპანის ოფისში მოხდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სამშენებლო ბიზნეს-საქმიანობიდან წარმოშობილი უთანხმოების გამო, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა.
დაჭრილის გადარჩენა დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.
დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პროკურატურა საქმის სხვა დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა, როგორც მედიამ გაარკვია, საუბარია სამშენებლო კომპანია „თაგი ჯგუფის“ თანამფლობელებს შორის არსებულ დავაზე. დაჭრილი ტატო გურგენიძეა, ბრალდებული კი მისი პარტნიორი, ქართველი მწერალი და პოეტი დავით გაბისკირია.
წყარო - პროკურატურა