თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. „რადიკალური ოპოზიცია“ ეძებს ნეგატივს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებაში, რომელმაც თქვა, რომ საქართველო არ აძლევს რუსეთს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის საშუალებას, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
ო'ბრაიენმა სენატში განაცხადა, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურები დგამენ „რეალურ ნაბიჯებს" რუსეთში სანქცირებული საქონლის იმპორტის შეზღუდვის მიზნით. ამასთანავე მან აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს სურს დარწმუნდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება სრულად აკონტროლებს საზღვარზე საქონლის გადაადგილებას. როგორც ამ განცხადების შემდეგ ქართველმა ოპოზიციონერებმა განაცხადეს, „საგანგაშო სიგნალების გამო“ ამერიკელები საქართველოს გამადიდებელი შუშით აკვირდებიან.
„ჩვენი ოპონენტები თავიანთი მედიასაშუალებებით იმდენად დამწუხრებული არიან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებებით, რომ რაიმე ნეგატივს ეძებენ... მან თქვა, რომ სისტემა მუშაობს, აწყობილია და თანამშრომლობა მაღალი დონისაა, რუსეთს კი არანაირი რესურსი არ გააჩნია, სანქციების გვერდის ავლისთვის საქართველო გამოიყენოსო“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, ო’ბრაიენმა აღნიშნა, რომ საჭიროა დამატებითი თვალყურის დევნება საქართველოში მიმდინარე სიტუაციაზე რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ. მაგრამ, აღნიშნა დეპუტატმა, ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ყურადღების ქვეშ მოექცევა ევროპა, აზია და კავკასიის რეგიონის ქვეყნები.
„ო’ბრაიენის პასუხებმა პანიკაში ჩააგდო რადიკალური ოპოზიცია და მისი მედიის სერიოზული ნაწილი“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ო’ბრაიენმა საქართველოში ვიზიტზე საუბრისას ასევე განაცხადა, რომ მან და მისმა ევროპელმა და ბრიტანელმა კოლეგებმა ხელისუფლების მიერ სანქციებისგან თავის არიდების აღსაკვეთად გაწეულ მუშაობაში „დამაიმედებელი გარემოებები“ აღმოაჩინეს.
ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს. მათ განაცხადეს, რომ მთავრობამ ბევრი იმუშავა რუსეთის ფედერაციაში სანქცირებული საქონლის შესვლის თავიდან ასაცილებლად. შემუშავებულია კომპლექსური ღონისძიებები ექსპორტისა და ფინანსური სექტორის კონტროლისთვის.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.