თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ყაზახური საფეხბურთო კლუბი „აქტობე" ქუთაისის „ტორპედოსთან" უეფას კონფერენს-ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის გასამართად ქუთაისში ყაზახური ავიაკომპანია SCAT Airlines-ის თვითმფრინავით ჩამოფრინდა, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.
ყაზახი ფეხბურთელები საქართველოში გამოფრენას ჩარტერული რეისით ოთხშაბათს გეგმავდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსული ავიაკომპანია UVT AERO-ს თვითმფრინავს ქუთაისში დაშვების ნებართვა არ მისცა.
„თვითმფრინავი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ადგილობრივი დროით 10:55 საათზე ჩამოფრინდა", – აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.
როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განაცხადეს, რუსულ ავიაგადამზიდთან მიმართებით უარის მიზეზი გახდა ის, რომ UVT AERO სანქცირებულია და ევროკავშირის შავ სიაშია შესული. ამასთან საჰაერო ხომალდზე, რომლითაც დაგეგმილი იყო ფრენა, დაწესებულია მწარმოებლის შეზღუდვაც.
თავის მხრივ, ყაზახურ კლუბში განაცხადეს, რომ თვითმფრინავის ფრენა საფეხბურთო კლუბ „აქტობეს“ დელეგაციასთან ერთად შეთანხმებული იყო ყველა უფლებამოსილ სტრუქტურასთან, ხოლო დოკუმენტები თვითმფრინავის ტიპისა და ბორტის ნომრის, რეისის ნომრის, თვითმფრინავის ავიაკომპანიის კუთვნილების მითითებით ქართულ მხარეს დროულად გაეგზავნა.
„აქტობესა" და „ტორბედოს" მატჩი ქუთაისში ხუთშაბათს გაიმართება.
საქართველო და საერთაშორისო სანქციები
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.
ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის გააუქმა სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და ასევე გააუქმა აკრძალვა პირდაპირ ავიამიმოსვლაზე საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელიც 2019 წელს დაწესდა. საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს რუსეთის მხრიდან ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს არანაირი ძალისხმევა არ გაუწევია რუსეთთან პირდაპირი ფრენებისა და უვიზო რეჟიმის აღსადგენად.
საქართველოს პრემიერმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიესალმებიან ფრენების აღდგენას, რადგან ეს რუსეთში მცხოვრებ ასობით ათას ქართველს წაადგება, რომლებიც იძულებული არიან სამშობლოში მესამე ქვეყნების გავლით იფრინონ.
მათი თქმით, ხელისუფლება ყველა გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იღებს.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.