საქართველოს საელჩო საბერძნეთში მყოფ ქართველ არალეგალებს სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარება

საელჩო აღნიშნავს, რომ არ არის უფლებამოსილი გაიყვანოს არალეგალთა განთავსების ბანაკიდან საქართველოს მოქალაქეები.
Sputnik
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. საბერძნეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს, რომლებიც ათენში, ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში იმყოფებიან, სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარება, ნათქვამია დიპლომატიური უწყების განცხადებაში.
არეულობები, რაც სამშაბათი-ოთხშაბათის ღამით დაიწყო, პოლიციამ რამდენიმე საათში ჩაახშო. დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ ყოფილან.
„საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში ყოველდღიურ კონტაქტზეა ქალაქ ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ისევე როგორც ამიგდალეზას ადმინისტრაციასთან და ბერძენ სამართალდამცავებთან. საელჩოს წარმომადგენლები გუშინაც ესაუბრნენ მოქალაქეებს და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ ყველანაირად დაეხმარებიან სამშობლოში გამგზავრებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამავე დროს საელჩო აღნიშნავს, რომ არ არის უფლებამოსილი გაიყვანოს ბანაკიდან საქართველოს მოქალაქეები.
„რაც შეეხება არალეგალთა განთავსების ბანაკის დატოვებას (რასაც საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე ითხოვს), აღნიშნული სცილდება საქართველოს საელჩოს უფლებამოსილებას და ამის შესაძლებლობა საქართველოს დიპლომატიურ მისიას არ გააჩნია“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყველა მოქალაქე არ არის თანახმა საქართველოში დაბრუნდეს. დიპმისიის ინფორმაციით, პირი, რომელმაც საელჩოს არეულობის შესახებ აცნობა, საქართველოში დაბრუნებაზე უარი განაცხადა, დადგან მას აქვს მოთხოვნილი თავშესაფარი საბერძნეთის რესპუბლიკაში.