თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური განხორციელდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სტუმრებს შორის იყვნენ ღვინის იმპორტიორები და ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის Colangelo & Partners წარმომადგენლები.
ტურის მიზანი აშშ-ის ბაზარზე ქართულ ღვინის ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობა იყო.
პროფესიონალების 13-კაციანი ჯგუფი ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ესტუმრა კახეთსა და ქართლში, სადაც ისინი ქართული ღვინის დაყენების ისტორიას და ტრადიციებს გაეცნენ. მათ ადგილზე გასინჯეს როგორც კლასიკური წესით, ასევე ადგილობრივი ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები.
ტურის ფარგლებში თბილისში სტუმრებისთვის გაიმართა ქართული ღვინის მასტერ-კლასი, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ღვინოები.
პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და, შესაბამისად, ექსპორტის ზრდის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ქართული ღვინის წარდგენა ამერიკელი პროფესიონალების წინაშე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებულმა მარკეტინგულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, რაც კონკრეტულ შედეგებზე აისახა. 2023 წლის 6 თვეში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 434 ათასი ლიტრი ღვინო. ზრდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5%-ია. ამასთან, აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ქართული ღვინის ერთი ლიტრის ფასი 6 აშშ დოლარს აღემატება.