ქობულეთში ქუჩების სახელების გადარქმევას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ

ქობულეთში განაცხადეს, რომ ქუჩების სახელების შეცვლის თხოვნით მოსახლეობამ მერს არაერთხელ მიმართა.
Sputnik
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ქართველი აქტივისტები, რომლებიც ქართულ-რუსული ურთიერთობებით არიან დაკავებული, ქობულეთის მერის ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდნენ, რომელიც პუშკინის, პოპოვისა და სოფელ ციხისძირში სტალინისუბნის სახელების გადარქმევას ეხება, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ არაკომერციულ ორგანიზაცია „ევრაზიის ინსტიტუტში".
ქობულეთის მერმა ლევან ზოიძემ საკრებულოს პოპოვის, პუშკინისა და სტალინისუბნის სახელების გადარქმევის ინიციატივით 14 ივლისს მიმართა. საკრებულო საკითხის განხილვას შემდეგ სხდომაზე აპირებს (თარიღი ჯერ უცნობია). მერიაში განაცხადეს, რომ ქუჩების სახელების შეცვლის თხოვნით მოსახლეობამ მერს არაერთხელ მიმართა.

„მერიის არგუმენტია, თითქოს თვითონ ქობულეთის მოსახლეობამ მიმართა მათ ასეთი ზეპირი და წერილობითი თხოვნით, მაგრამ ქობულეთის მერიის ეს განცხადება სანდო არ არის", – განაცხადეს ორგანიზაციაში.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნეს, განგაში ადვოკატმა ნიკოლოზ მჟავანაძემ ატეხა, რომელმაც მკვეთრი ფორმით დაგმო ქობულეთის მერი და მას გაიძვერა და მოღალატე უწოდა.

„მჟავანაძე მიიჩნევს, რომ ისეთ ადამიანებს, როგორიც ზოიძეა, არა აქვთ უფლება, შეეხონ პუშკინისა და სტალინის სახელს, ურჩევნიათ ქალაქის არსებით პრობლემებს მიხედონ", – განაცხადეს ორგანიზაციაში.

„ევრაზიის ინსტიტუტის" ინფორმაციით, მჟავანაძის გამოსვლის შემდეგ ქობულეთის ადმინისტრაციის მხრიდან სოციალურ ქსელებში მის მიმართ არაერთი მუქარა გაისმა. თუმცა, მჟავანაძის მხარდასაჭერადაც გამოვიდნენ აქტივისტები, რომლებმაც, თავის მხრივ, მერის გეგმები დაგმეს.
კერძოდ, ისინი გამოვიდნენ არა მხოლოდ პუშკინის, პოპოვისა და სტალინისუბნის დასახელების შესანარჩუნებლად, არამედ ასევე მოითხოვეს ქობულეთის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩისთვის აჭარის განმათავისუფლებლების სახელის მინიჭება.
ქობულეთის მერიის ინფორმაციით, იგეგმება, რომ პოპოვის ქუჩას ფადიკო გოგიტიძის სახელი დაერქვას. ის პირველი მფრინავი ქალია აჭარიდან. ის 1916 წელს ქობულეთში დაიბადა. ბათუმში მისი სახელობის ქუჩა უკვე არის.
ქობულეთის მერის ლევან ზოიძის („ქართული ოცნება") ინიციატივით განიხილება ციხისძირის რაიონში სტალინისუბნისთვის პეტრას ციხის - „პეტრას უბნის", ასევე პუშკინის ქუჩისთვის - პოეტ ამირან ხაბაზის სახელის დარქმევა.