ფოტოგრაფი ანრი ტაბაღუა გარდაიცვალა

Sputnik
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ბათუმში ცნობილი ფოტოგრაფი ანრი ტაბაღუა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ფოტოგრაფის კოლეგებმა გაავრცელეს.
ტრაგედია ბათუმში გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტაბაღუა ზღვაში საცურაოდ შევიდა, თუმცა ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.
„შენ გარეშე ბათუმი ისეთი აღარ იქნება, როგორც ადრე. მშვიდად განისვენე, მეგობარო", – ემშვიდობებიან ფოტოგრაფს მეგობრები სოციალურ ქსელში.
ანრი ტაბაღუა ვარშავაში სწავლობდა. გატაცებული იყო დოკუმენტური და ქუჩის ფოტოგრაფიით. ტაბაღუას შემოქმედება პოპულარობით სარგებლობდა ქვეყანაში.
ახალგაზრდა ფოტოგრაფი ხშირად სტუმრობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონს და იქიდან შთამბეჭდავ კადრებს უზიარებდა საზოგადოებას.
ანრი ტაბაღუას კოლექციაში ბევრი განსაკუთრებული ფოტოა, თუმცა თავად ფოტოგრაფი ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევდა ორ ნამუშევარს – "ნისლი ბათუმში" და "წვიმიანი ბათუმი".