თბილისის მეტროს სადგურების მოდერნიზაციისთვის 20 მლნ დოლარია გამოყოფილი

დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი მოიცავს 23 სადგურს, რომლებიც ორ – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზზეა განლაგებული.
Sputnik
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. თბილისის მეტროს 12 სადგურის მოდერნიზაციის პროექტზე, მათ შორის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევაზე და სამშენებლო სამუშაოებზე 20 მლნ დოლარი დაიხარჯება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
პროექტი უფრო ფართო პროგრამის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს – დედაქალაქის ხელისუფლებას დაეხმაროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვის სისტემის რეფორმირებაში ავტობუსებისა და მეტროს სისტემის განახლების დაფინანსებით. პროექტი 2023-2029 წლებში განხორციელდება.

„იგეგმება თბილისის მეტროს სადგურების განახლების ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა და დეტალური დიზაინის შემუშავება… კვლევისა და სამშენებლო სამუშაოების ჩათვლით მეტროს განახლებისთვის დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარია გამოყოფილი", – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამის" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
„ADB-ს სტანდარტებით გამოცხადებულ კონკურსში გვყავს გამარჯვებული ავსტრიული კომპანია, რომელთანაც ამ დღეებში გაფორმდება ხელშეკრულება", – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
როდის გაფართოვდება თბილისის მეტროპოლიტენის ქსელი - მერიის პასუხი>>>
ავსტრიული კომპანია დაიწყებს კონტრაქტით გათვალისწინებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევას, რომლისთვისაც განსაზღვრულია 10-თვიანი ვადა. მომსახურების ფარგლებში კომპანია შეისწავლის მეტროს 12 სადგურის გამტარუნარიანობას, ასევე შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მოდერნიზაციის პროექტის განსახორციელებლად უწყებამ ფინანსური მხარდაჭერა ასევე მიიღო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან.
ამ ორი მსხვილი საფინანსო ინსტიტუტის დახმარებით დედაქალაქს ექნება მეტროს გამართული, მოდერნიზებული და კომფორტული სადგურები.
დღეისათვის თბილისის მეტროპოლიტენი მოიცავს 23 სადგურს, რომლებიც ორ – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზზეა განლაგებული. მეტროს ხაზების მთლიანი სიგრძე 57 კილომეტრია, აქედან პირველი ხაზის – 40 კმ, მეორესი – 17 კმ.