თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომლებიც წელს ერთ-ერთი ყველაზე მხიარული იყო აბიტურიენტების კრეატიულობის გამო, ფიზიკის გამოცდით დასრულდა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, ბოლო გამოცდა 23 ივლისს ჩატარდა.
თუ წინა წლებში გამოცდები მშვიდ და ჩუმ გარემოში მიმდინარეობდა, წელს აბიტურიენტებმა საკუთარი კრეატივი წარმოაჩინეს. რაღა თქმა უნდა, ეს საგამოცდო ცენტრების ეზოების ტერიტორიაზე ვრცელდებოდა.
გამოცდიდან გამოსულები, ზოგი სიხარულით გამორბოდა, ზოგი მხიარულ ცეკვას ასრულებდა, ზოგი კი სამხედრო მისალმებით გამოდიოდა და ამით აჩვენებდა, რომ სულ მალე ჯარში წასვლა მოუწევს.
ზოგი უფრო შორს წავიდა: ისტორიის გამოცდაზე ორი ბიჭი ჩოხაში გამოწყობილი მივიდა, სხვა აბიტურიენტს თავზე რქიანი მუზარადი ეხურა, მაგრამ რომელი ისტორიული პერსონაჟის იმიტაცია იყო ეს, არ უთქვამს.
აბიტურიენტი გიორგი დობაძიშვილი
© courtesy of NAEC Georgia
ამგვარად, წელს ეროვნული გამოცდები, რომლებიც სტრესთან და დაძაბულობასთან ასოცირდება, საკმაოდ სასიამოვნო ღონისძიებად იქცა.
წელს რეგისტრაცია 45 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. საქართველოს მასშტაბით 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა, ყველა მათგანი კონდიციონერებითა და სხვა სათანადო ინფრასტრუქტურით იყო აღჭურვილი.
წელს საგამოცდო ცენტრი პირველად გაიხსნა რაჭაში, სადაც სესიას დაახლოებით 120 აბიტურიენტი აბარებდა.
იმისათვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.