ავიაკომპანია „აზიმუტი“ მზადაა გაზარდოს რეისების რაოდენობა საქართველოს მიმართულებით

ამჟამად ავიაკომპანია „აზიმუტი“ მოსკოვი–თბილისი–მოსკოვის მიმართულებით ფრენებს დღეში ორჯერ ასრულებს.
Sputnik
თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ მზად არის გაზარდოს ფრენების რაოდენობა რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით, იუწყება „რია ნოვოსტი“ კომპანიის აღმასრულებელ დირექტორ პაველ ეკჟანოვზე დაყრდნობით.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
„თუ ნებართვას მივიღებთ, მაშინ დიახ, ჩვენი ბაზებიდან მზად ვართ ვიფრინოთ. მზად ვართ განვახორციელოთ რეისები სოჭიდან, მინვოდიდან", – უპასუხა ეკჟანოვმა ჟურნალისტის შეკითხვას, იგეგმება თუ არა ქართული მიმართულების განვითარება.
ამჟამად ავიაკომპანია „აზიმუტი“ მოსკოვი–თბილისი–მოსკოვის მიმართულებით ფრენებს დღეში ორჯერ ასრულებს.
შეკითხვაზე, არის თუ არა ავიაკომპანია მზად, თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც დაიწყოს ფრენები, ეკჟანოვმა უპასუხა, რომ ყველაფერი საავიაციო ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.
„ყველაფერი ჩვენს საავიაციო ხელისუფლებაზეა დამოკიდებული: თუ ისინი ნებართვას მოგვცემენ, თუ ქართული მხარე მოგვცემს ნებართვას, მაშინ ჩვენ დავიწყებთ ფრენებს“, – განაცხადა მან.
Azimut-ის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ კომპანიამ მისთვის საინტერესო მარშრუტებზე განაცხადები უკვე შეიტანა.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.