მცდარი ინფორმაცია - თავდაცვის სამინისტროში ყოფილი სამხედროს ბრალდებებს უპასუხეს

ყოფილმა სამხედრომ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ მას სათანადო დახმარება არ გაუწია, როდესაც მან სამხედრო სამსახურის პერიოდში დაზიანებები მიიღო.
Sputnik
თბილისი, 26 ივლისი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოქმედებს კანონის ფარგლებში და ასრულებს ყველა ვალდებულებას სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში იმ ინფორმაციის პასუხად, რომელიც ყოფილმა სამხედრომ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ყოფილმა სამხედრომ მიხეილ ამაღლობელმა სოციალურ ქსელში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა იმაში, რომ უწყებამ მას სათანადო დახმარება არ გაუწია, როდესაც მან სამხედრო სამსახურის პერიოდში დაზიანებები მიიღო.

„აღნიშნული პირი 2007 წლიდან დათხოვნილია თავდაცვის ძალებიდან და არ მსახურობს თავდაცვის ძალებში. მას ჯარში ყოფნის პერიოდში სამსახურებრივ ვითარებაში არ მიუღია არანაირი დაზიანება“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მცდარი და ინსტიტუციისთვის დამაზიანებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
„თავდაცვის სამინისტრო კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებს და ასრულებს ყველა ვალდებულებას სამხედრო მოსამსახურეების მიმართ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ქართულ ჯარში სამსახურებრივ ვითარებაში დაშავებულთათვის არაერთი პროგრამა მოქმედებს. სამინისტრო პარტნიორებთან და დონორებთან ერთად აფინანსებს სამხედროების მკურნალობას და რეაბილიტაციას, ასევე ეხმარება მათ დასაქმებასა და სოციალიზაციაში.