თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს იმედი აქვს, რომ აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი განმარტავს ამერიკული დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომლის მონაწილეობას კამპანიაში, რომელიც ქვეყნის დისკრედიტაციისკენ და საქართველოს ხელისუფლების შანტაჟისკენ არის მიმართული.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა 19 ივლისს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა (Akerman და GP International) და მათი საქმიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, მიღებულ იქნა ზომები საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრების ორგანიზებისთვის მისი ნიუ-იორკში ვიზიტის დროს, რათა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისთვის მიეღწიათ. საკონტაქტო პირის სახით დოკუმენტებში მითითებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი ევან ელიოტი.
„იმედი მაქვს, რომ ამერიკის ელჩი, რომელმაც თქვა, რომ არ იცნობდა ამ დოკუმენტებს, გაეცნო მათ და გააკეთებს განმარტებას, თუ რატომ, როგორ, ვისი დავალებით იყო ჩართული აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი კამპანიაში, რომელიც დადასტურებულად არის სიყალბეზე დაფუძნებული", – განაცხადა პაპუაშვილმა.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ, რომელმაც თავისი გადაწყვეტილებით უარი უთხრა ექს-პრეზიდენტს ვარშავაში გადაყვანაზე, დაადასტურა, რომ სააკაშვილის ირგვლივ კამპანია დაფუძნებული იყო ტყუილზე, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
„თურმე ამხელა მანქანა იყო ჩართული იმისთვის, რომ მომხდარიყო საქართველოს დისკრედიტაცია და მომხდარიყო საქართველოს ხელისუფლების, მათ შორის, თავად პრეზიდენტის შანტაჟი იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი დაეხსნათ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. მათ შორის, აღმოჩნდა, რომ აშშ-ის საელჩოს თანამშრომელიც კი იყო ჩართული ამ დისკრედიტაციის კამპანიაში", – აღნიშნა მან.
უფრო ადრე კელი დეგნანმა განაცხადა, რომ არ იცნობს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს. ამასთან, ევან ელიოტი დეპარტამენტის დოკუმენტებში ფიგურირებს ასევე სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ჩამოსვლის საკითხთან დაკავშირებით, რაც საბოლოოდ სკანდალით დასრულდა.
დოკუმენტების თანახმად, ლობისტური კომპანიების საქმიანობა მოიცავს აგიტაციას საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ, ევროპარლამენტის რეზოლუციების პროექტებს. ამ კომპანიების დეკლარაციებში, მათ შორის, მოყვანილია შეკვეთილი სტატიები, რომლებიც დასავლურ მასმედიაში გამოქვეყნდა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
ექს-პრეზიდენტის ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.