თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. ატომური ენერგიის საერთაშოროსო სააგენტოს (IAEA) ექსპერტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პერიფერიაზე ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები აღმოაჩინეს, ნათქვამია სააგენტოს გენერალური დირექტორის რაფაელ გროსის განცხადებაში.
მისი თქმით, სააგენტოს ჯგუფმა რამდენიმე ნაღმი 23 ივლისს იპოვა ბუფერულ ზონაში — შიდა და გარე ღობეებს შორის, რომელზეც სადგურის მომსახურე პერსონალს წვდომა არ გააჩნია. შიდა პერიმეტრზე ასეთი ნაღმები არ აღმოჩენილა.
„ჩვენმა გუნდმა სადგურის ხელმძღვანელობასთან განიხილა ეს საკითხი და მათ უთხრეს, რომ ეს სამხედრო გადაწყვეტილებაა და [ნაღმები] სამხედროების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა ჩალაგებული“, — წერს გროსი.
მიუხედავად ამისა, სააგენტოს დირექტორის თქმით, ასაფეთქებელი ნივთიერებების არსებობა ტერიტორიაზე არ შეესაბამება IAEA-ს უსაფრთხოების ნორმებსა და ბირთვული უსაფრთხოების ნორმებს. „...და დამატებით ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს სადგურის პერსონალზე... მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაღმების აფეთქება ვერ მოახდენს გავლენას ობიექტის ბირთვულ უსაფრთხოებასა და უსაფრთხოების სისტემებზე“, — ნათქვამია გროსის განცხადებაში.
როგორც IAEA-ს ვებ-გვერდზეა ნათქვამი, ზაპოროჟიეს სადგურზე მყოფი ექსპერტები ბოლო დღეებსა და კვირებში რეგულარულად ატარებდნენ ტერიტორიის შემოვლას და იქ არანაირი მძიმე სამხედრო ტექნიკა არ უნახავთ. ამ დროისათვის სააგენტო განაგრძობს რეაქტორების სახურავებსა და სამანქანე დარბაზებში მონიტორინგს — მესამე და მეოთხე ბლოკების ჩათვლით, რითაც ისინი განსაკუთრებულად არიან დაინტერესებული.