„მოუთმენლად ველოდებით გადაწყვეტილებას" - ჰერჩინსკი საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს ევროკავშირის ყველა, 27 ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
Sputnik
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ საქართველო კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს ევროკავშირში შესვლის გზაზე და წლის ბოლოს მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, და ამ გადაწყვეტილებას ყველა მოუთმენლად ელოდება.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.

„გადაწყვეტილების მიღება მოსალოდნელია დეკემბერში და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, რაც კანდიდატის სტატუსს გულისხმობს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ევროკავშირის 27 სახელმწიფოს ხელშია", – განაცხადა ელჩმა.

როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, მუშაობა 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით გრძელდება.
ევროკომისიის მიერ 2023 წლის ივნისის ბოლოს გამოქვეყნებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ მთლიანად შეასრულა სამი პირობა, ნაწილობრივ – შვიდი, შეზღუდული პროგრესია მიღწეული ერთ პუნქტში და საერთოდ არ არის პროგრესი „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.

„ორ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება მედიის თავისუფლებას და დეოლიგარქიზაციას, ჯერ კიდევ გვჭირდება დაჩქარება... დარჩენილ შვიდ რეკომენდაციაზე არის გარკვეული პროგრესი, თუმცა მეტს ველოდებით. როგორც ხედავთ, სურათი ჭრელია, რაც ჩემი პერსპექტივიდან პოზიტიურია", – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მისი თქმით, კიდევ არის დრო, სანამ ევროკომისია გამოსცემს გაფართოების შესახებ ანგარიშს ოქტომბერში.

„რა თქმა უნდა, ყველა ველოდებით გადაწყვეტილების მიღებას 27 წევრი სახელმწიფოს მიერ უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, სახელმწიფო ლიდერების დონეზე შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, როდესაც საუბარია ევროკავშირი–საქართველოს ურთიერთობებზე", – აღნიშნა დიპლომატმა.

საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად წლის ბოლოს ელოდება. მანამდე, ოქტომბერში ევროკომისია ევროპული საბჭოსთვის რეკომენდაციებს მოამზადებს. სტატუსის მინიჭებას მხარი ერთხმად უნდა დაუჭიროს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი: ბრიუსელში საქართველოს პროგრესზე იმსჯელეს>>
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში" აცხადებენ, რომ ყველაფერი გააკეთეს ევროკავშირის პირობების შესასრულებლად.