თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. დოკუმენტებმა, რომლებიც აშშ-ში უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის (FARA) წყალობით გამოქვეყნდა, აჩვენა ის, რისი დამალვაც სურდა „რადიკალურ ოპოზიციას" – თუ როგორ ებრძვიან ისინი საქართველოს ფულის გულისთვის, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან" რატი იონათამიშვილმა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა 19 ივლისს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა (Akerman და GP International) და მათი საქმიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც შეიცავს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღების აგიტაციის, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტების, პოლონელი ექიმების სკანდალური ვიზიტის შესახებ და სხვა ინფორმაციას.
„ამერიკაში მოქმედი „რუსული კანონი", ე.წ. FARA აღმოჩნდა პანდორას ყუთი „ნაციონალური მოძრაობისთვის". ფაქტობრივად, ის მავნებლური საკითხები, რაც „ნაცმოძრაობაში" უხვად არის, ჩვენი საზოგადოებისთვის უკვე საბოლოოდ გახდა ცნობილი, თუნდაც ის დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც სინამდვილეში არა სააკაშვილის გადასარჩენად, არამედ საქართველოს გასაშავებლად იყო წარმოებული", – განაცხადა იონათამიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობა FARA-ს კანონის ანალოგის მიღებას 2023 წლის მარტში საქართველოში შეეცადა, მაგრამ მასშტაბური აქციების გამო ის ვერ მიიღეს.
საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ასევე ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ინიციატორები და მმართველი პარტია ამტკიცებდნენ, რომ ის საჭიროა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
მოგვიანებით „ქართული ოცნების" ლიდერთა ნაწილმა აღიარა, რომ ვერ შეძლო საზოგადოების დარწმუნება, რომ ინიციატივა სარგებელს მოიტანდა, ხოლო ოპოზიციის პიარ-კამპანია იმის შესახებ, რომ პროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი იღებდა, რუსული კანონის ანალოგიურია და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებას, უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
ექს-პრეზიდენტის ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.