მებაჟეებმა არადეკლარირებული თანხის შემოტანა აღკვეთეს

არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 507.646,96 ლარი შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. მებაჟეებმა საქართველოს საზღვარზე არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდარღვევის ფაქტები „თბილისის აეროპორტის", „ქუთაისის აეროპორტისა" და „ყაზბეგის" საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე გამოვლინდა.
უწყების ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს, ბელარუსისა და რუსეთის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას არადეკლარირებული თანხა, ჯამში 122,3 ათასი დოლარი, 5,6 მლნ რუსული რუბლი, 2,4 მლნ სომხური დრამი და 11,7 ათასი ლარი აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 507.646,96 ლარი შეადგინა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოსა და ბელარუსის სამართალდამრღვევი მოქალაქეები სანქციის სახით 27,5 ათასი ლარით დაჯარიმდნენ, ხოლო კანონდამრღვევ რუსეთის მოქალაქეს, ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით განესაზღვრა არადეკლარირებული საქონლის ჩამორთმევა.