თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. გამოქვეყნებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ექს-პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გეგმავს გახდეს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პირდაპირი მოკავშირე, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
გასულ კვირაში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა მონაცემები საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიების Akerman-ისა და GP International-ის საქმიანობის შესახებ. დოკუმენტის მიხედვით, კომპანია GP International-ის მიერ დაქირავებულმა Cision PR Newswire-მა პიარ-კამპანიისთვის „სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად", რომელსაც მარგველაშვილი ხელმძღვანელობდა, 2023 წლის თებერვალში 11,5 ათას დოლარზე მეტი მიიღო.
„ამ ინფორმაციის გამოქვეყნების წყალობით, როგორც ჩანს, კიდევ ერთი სკანდალი გამოიკვეთა. „ნაციონალურ მოძრაობასა" და გიორგი მარგველაშვილს შორის არსებობს არა მხოლოდ კავშირი, არამედ გეგმები, რომ მარგველაშვილი გახდეს „ნაცმოძრაობის" პირდაპირი მოკავშირე", – განაცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
პაპუაშვილის თქმით, მარგველაშვილი, დიდი ალბათობით, არ არის სააკაშვილის მხარდამჭერი პეტიციის ავტორი, რომელიც მან სოციალურ ქსელში 2023 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა და რომელსაც 130-ზე მეტმა ყოფილმა თანამდებობის პირმა ან პოლიტიკურმა მოღვაწემ მოაწერა ხელი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ უნდა დაუშვან მსჯავრდებული სააკაშვილის „წამებით სიკვდილი" და რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი სამკურნალოდ უცხოეთში გაგზავნა.
„დიდი ალბათობით, (პეტიცია) ლობისტების შედგენილია, ხელმომწერებიც მათ მოიძიეს და საბოლოო ჯამში იგი (მარგველაშვილი) გამოიყენეს როგორც ფიგურა, რომელიც ხელს პირველი მოაწერდა, და ესეც ფაქტია", – განაცხადა პაპუაშვილმა.
სპიკერმა აღნიშნა, რომ შეიძლება თავად მარგველაშვილს დავუსვათ კითხვა, ჰქონდა თუ არა ლობისტებთან ურთიერთობა და დაწერა თუ არა პეტიცია თავად.
„რატომ არის ეს პეტიცია მძიმე წასაკითხი? წაიკითხეთ, რა წერია ტექსტში. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საკუთარ ქვეყანას, პენიტენციურ სამსახურს აბრალებს პატიმრის წამებას, აბრალებს, თითქოს მას ცუდად ეპყრობიან. ამას აკეთებს ყოფილი პრეზიდენტი და ეს არის სამწუხარო, როდესაც ასეთი დამოკიდებულება აქვთ ყოფილ პრეზიდენტებს", – აღნიშნა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, მთელმა საზოგადოებამ დაინახა აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ (FARA) კანონის სარგებელი, რომლის ანალოგის მიღებასაც 2023 წელს საქართველოში გეგმავდნენ, მაგრამ თბილისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო ის არ იქნა მიღებული.
მოგვიანებით „ქართული ოცნების" ლიდერთა ნაწილმა აღიარა, რომ ვერ შეძლო საზოგადოების დარწმუნება, რომ ინიციატივა სარგებელს მოიტანდა, ხოლო ოპოზიციის პიარ-კამპანია იმის შესახებ, რომ პროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი იღებდა, რუსული კანონის ანალოგიურია და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებას, უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
„ზუსტად „რუსულმა კანონმა" მოგვცა შესაძლებლობა გაგვეგო, როგორი ორგანიზებული, ორკესტრირებული კამპანია იმართებოდა საქართველოს წინააღმდეგ... ჩვენ ვნახეთ, რომ ერთმა ყოფილმა პრეზიდენტმა – მიხეილ სააკაშვილმა დააორგანიზა ეს ყალბი კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, მეორე ყოფილმა პრეზიდენტმა – გიორგი მარგველაშვილმა განახორციელა ეს ყალბი დეზინფორმაციის კამპანია საქართველოს წინააღმდეგ", – აღნიშნა მან.
საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ინიციატორები და მმართველი პარტია ამტკიცებდნენ, რომ იგი საჭიროა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.
კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
ამასთან, მარგველაშვილმა ბინძური ტყუილი და პროპაგანდა უწოდა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ მონაცემებს, სადაც იგი ნახსენებია საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ამერიკულ ლობისტურ კომპანიებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.