თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. საქართველოში პროკურატურის თანამშრომლის სახელით მოქმედი ორი პირი დააკავეს რამდენიმე მოქალაქის, მათ შორის უცხოელის კუთვნილი 50 ათასი ლარისა და 30 ათასი დოლარის მითვისების ბრალდებით, იუწყება საქართველოს პროკურატურის პრეს-სამსახური.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების გაადვილების მიზნით, მეტი დამაჯერებლობისთვის საქართველოს პროკურატურის თანამშრომლის სახელით ისარგებლეს და დაზარალებულებს დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს.
კერძოდ, ბრალდებულებმა დაზარალებულებს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ნდობის მოპოვების მიზნით მიაწოდეს ყალბი ინფორმაცია, თითქოსდა სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის საინვესტიციო პირობებით საკუთრებაში გადაცემა შეეძლოთ და ამასთანავე საქართველოს მოქალაქეობის საკითხის მოგვარებას უზრუნველყოფდნენ.
აღნიშნულის სანაცვლოდ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დაზარალებულთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას – 50 ათას ლარს და 30 ათას აშშ დოლარს მოტყუებით დაეუფლნენ.
ბრალდებულები გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 22 ივლისს მოსამართლის განჩინებით ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
საქართველოს პროკურატურა მიმართავს მოქალაქეებს, იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურის სახელით მსგავსი ან სხვა სახის უკანონო შეთავაზებას ჰქონდა ადგილი, მიმართონ საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციას, რასაც მოჰყვება მყისიერი სამართლებრივი რეაგირება.