თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. ბავშვი როგორც სოლიდური სიმსივნეების, ასევე ონკოჰემატოლოგიის დიაგნოზის შემთხვევაში შესაბამისი დახმარების მიღებას კანონიერი წარმომადგენლის მიერ არჩეულ კლინიკაში შეძლებს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
24 ივლისიდან ჯანდაცვის სამინისტროში ონკოლოგიური დაავადებების მქონე 18 წლამდე პაციენტების უცხოეთის კლინიკებში მკურნალობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო.
„პროცესში ჩართული იქნებიან ბავშვის მშობლები და მკურნალი ექიმები იმისთვის, რათა გავიგოთ, თუ რომელი კლინიკა იქნება ოპტიმალური საზღვარგარეთ მკურნალობის გასაგრძელებლად. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა სერვისი სჭირდება ბავშვს. ვინაიდან ზოგიერთი კლინიკა გვთავაზობს სპეციალიზებულ ქიმიოთერაპიას, პროტონულ თერაპიას, ამდენად ეს ფაქტორებიც იქნება გასათვალისწინებელი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს უცხოეთში უმკურნალებენ, ქვეყანაში ბავშვთა ონკოლოგიის სერვისების განვითარებისთვის ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.
სიმსივნით დაავადებულთა მშობლებს შეუძლიათ შეარჩიონ საუკეთესო კლინიკები თურქეთში, ესპანეთში და ისრაელში ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით. საქართველოში პირველადი დიაგნოსტიკის შემდეგ მათ სრული პაკეტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოში თანამედროვე სტანდარტების მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია. ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს.
„პროცესში ქართული კლინიკების როლი უდიდესია. პირველ რიგში დიაგნოზი დაისმება საქართველოში. თუ რაიმე სადავო და საეჭვო იქნება ქართველი ექსპერტების დიაგნოზში, ეს შემდგომ მიმღებ კლინიკაში გადამოწმდება, იქ, სადაც ბავშვი უნდა გაიგზავნოს“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისი განმარტებით, ჰოსპიტალიზაციის მწვავე ფაზის დასრულების შემდეგ, როდესაც ბავშვს კლინიკიდან გამოწერენ და ის ქვეყანაში დაბრუნდება, მასზე მეთვალყურეობას ქართული კლინიკის ის ონკოლოგი განახორციელებს, რომელმაც თავიდან შეაფასა მისი მდგომარეობა.
„ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივი პროტოკოლების ჩამოყალიბებაზე, რათა მიმდინარე და მომდევნო მეთვალყურეობა მწვავე ფაზის დასრულების შემდეგ ბავშვმა საქართველოში გაიაროს. თუ ბავშვის განმეორებითი ვიზიტი იქნება საჭირო უცხოეთში, ამის შესახებაც გადაწყვეტილება ექიმმა დროულად უნდა მიიღოს. ამრიგად, ბავშვს მეთვალყურე ეყოლება სახლშიც და უცხოურ კლინიკაშიც“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოდაავადებული ბავშვების როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მკურნალობის ყველა ხარჯს სახელმწიფო თავის თავზე აიღებს. ამჟამად საქართველოში 300-მდე ასეთი ბავშვია.
ქართულმა მხარემ უკვე გააფორმა კონტრაქტები თურქეთის (Anadolu Medical Center), ისრაელის (Sourasky Medical Center - Ichilov) და ესპანეთის (QUIRON SALUD) წამყვან კლინიკებთან.
საქართველოს მთავრობა აფინანსებს დიაგნოსტიკას და მკურნალობის სტანდარტულ კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ქირურგიას, ასევე პროტონოთერაპიას პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე.
პროგრამის პირობები
პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს 18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე (დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD) კოდით) პირი.
პროგრამაში მონაწილეობისთვის:
მშობელმა ან ოჯახის წარმომადგენელმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმღებს (თბილისი, წერეთლის გამზირი №144) და შეავსოს განაცხადის ფორმა, რომელსაც ადგილზე გასცემენ;
ბენეფიციარის და განაცხადის წარმდგენის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობა/პასპორტი);
ბენეფიციარის ჯანმრთელობის ცნობა – ფორმა N IV–100/ა, შესაბამისი ICD–10 და/ან NCSP კოდების მითითებით (ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული);
არსებული დიაგნოსტიკური კვლევების პასუხები (მორფოლოგია, CT. და ა.შ. ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული).
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15-05.
ონკოდაავადებულთა განცხადებებს ქართველი და უცხოელი ექიმებისგან დაკომპლექტებული სპეციალური საბჭო განიხილავს, რომელიც იმსჯელებს კონკრეტული ბავშვის მდგომარეობაზე. პაციენტების განაწილება კლინიკებში მოხდება მათი ინდივიდუალური საჭიროებების, კლინიკის შესაძლებლობებისა და პაციენტის ოჯახის არჩევანის გათვალისწინებით.
უმეტეს შემთხვევაში მკურნალობის ერთი კურსი 100 ათასი ევრო ჯდება, ამიტომაც მთავრობამ მკურნალობის ხარჯების სრულად დაფარვის გადაწყვეტილება მიიღო. ადრე სახელმწიფო ამ ბავშვების მკურნალობის მხოლოდ ნაწილს იხდიდა. ამ მიზნებისთვის მთავრობამ წელიწადში დაახლოებით 10 მილიონი ლარი გამოყო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ახალი პროექტისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 30 მილიონი ლარია (11,7 მილიონი დოლარი) გამოყოფილი. მთავრობა დააფინანსებს არა მხოლოდ მკურნალობას, არამედ ტრანსპორტირებისა და საცხოვრებლის ხარჯს.