საქართველო სანქციების გვერდის ავლას არ დაუშვებს - ბათუმში რუსეთიდან საკრუიზო ლაინერს ელიან

თავად გემი Astoria Grande პალაუს დროშით დაცურავს და მას თურქეთის საკრუიზო კომპანია Miray Cruises International ემსახურება.
Sputnik
თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ამოწმებს ყველა გემს და მათ მფლობელებს სანქციების კუთხით, სანქცირებული გემები და გემების მფლობელები საქართველოში ვერ შემოვლენ, აცხადებენ სააგენტოში.
27 ივლისს ბათუმის პორტში შემოვა საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელიც ასრულებს რეისს სოჭი–თურქეთი.

„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შესაბამისად, თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება“, – ნათქვამია განცხადებაში.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აღნიშნეს, რომ საკრუიზო ლაინერის ბათუმში შესვლა კომერციულ ხასიათს ატარებს.
თავად გემი Astoria Grande პალაუს დროშით დაცურავს და მას თურქეთის საკრუიზო კომპანია Miray Cruises International ემსახურება.
გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია Goodwin Shipping Limited-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება, აღნიშნეს სააგენტოში.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგან ამით მხოლოდ თავად საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა იცავს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებით.
ოპოზიცია თვეების განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, რომ ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მაგრამ ივნისში საქართველოში ვიზიტის დროს ევროკავშირის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა საქართველოს ხელისუფლების მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად შეაფასეს.