თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. დღეს, დილით უკრაინამ ორი დრონით სცადა მოსკოვზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება, აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
„24 ივლისის დილით აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა ქალაქ მოსკოვის ობიექტებზე ორი უპილოტო საფრენი აპარატით. რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა ორივე უკრაინული დრონი ჩაახშეს და ჩამოაგდეს", — აცხადებენ სამინისტროში.
უწყების ცნობით, შეტევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მანამდე მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ დრონებმა ორ არასაცხოვრებელ კორპუსს დაახლოებით დილის 4 საათზე შეუტიეს, თუმცა ამას სერიოზული დაზიანება და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მოსკოვის ტრანსპორტის დეპარტამენტის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ამ დროისათვის მოძრაობა გადაკეტილია კომსომოლსკისა და ლიხაჩოვის გამზირებზე.
„რია ნოვოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, ლიხაჩოვის გამზირზე სასწრაფო დახმარების მანქანები, პოლიცია და სახანძროებია მობილიზებული. ადგილზე გამოჩნდა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ავტომობილებიც.
სააგენტო ТАСС-ის ცნობით, ერთ-ერთი დრონის ნამსხვრევები მოსკოვის ცენტრში, თავდაცვის სამინისტროს მახლობლად იპოვეს.