მამუკა მდინარაძე: საქართველო კამიკაძე ქვეყანა ვერ იქნება

დოკუმენტები ცხადყოფს, რომ „ნაცმოძრაობას“ საქართველოს დასანქცირება უნდოდა, განაცხადა დეპუტატმა
Sputnik
თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ მფარველებს სჭირდებათ, რომ საქართველო კამიკაძე ქვეყანა გახდეს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
გასულ კვირაში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა (Akerman და GP International) და მათი საქმიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც შეიცავს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღების აგიტაციის, ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტების, პოლონელი ექიმების სკანდალური ვიზიტის შესახებ და ა.შ. ინფორმაციას. ამ კომპანიების დეკლარაციებში მოყვანილია ასევე შეკვეთილი სტატიები, რომლებიც დასავლურ მედიასაშუალებებში ქვეყნდებოდა.

„მათ საქართველოსგან სჭირდებათ კამიკაძე და ჩვენ გვჭირდება ამაყი, თავისუფალი, განვითარებული ქვეყანა, ამაყი ხალხით, რომელსაც ასე მარტივად ვერ მოერევიან და ქვეყანა, სადაც ქვეყნის შიგნით მიიღება გადაწყვეტილებები... ასეთი იქნება ჩვენი ქვეყანა და არა ის, რომ როცა ვინმეს მოუნდება, რაც არ უნდა გავლენიანი ჯგუფი იყოს მსოფლიოში, თითს დააწკაპუნებს და ქვეყანა ჩაერთვება ომში“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, დოკუმენტებმა, რომლებიც უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ ამერიკული კანონის (FARA) წყალობით გამოქვეყნდა, „ნაცმოძრაობის“ რეალური კანონები გააშიშვლა.
„აშშ-ში მოქმედმა რუსულმა კანონმა - ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, გააშიშვლა მთლიანად „ნაცმოძრაობის“ და მათი პატრონების გეგმები. არცერთი ის წინადადება, რომელიც ამ კანონის თანახმად გამოქვეყნებულ დოკუმენტებში წერია, არ მოგვიფიქრებია ჩვენ“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, დოკუმენტები ცხადყოფს, რომ „ნაცმოძრაობას“ საქართველოს დასანქცირება უნდოდა.
„ბინძური ტყუილი“: მარგველაშვილის პირველი კომენტარი აშშ-ის მიერ გავრცელებულ მონაცემებზე >>
„ისინი უკვეთავდნენ საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს“, - განაცხადა მდინარაძემ.
პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ არსებობენ „ნაცმოძრაობისთვის“ დავალებების მიმცემები, რომლებიც საქართველოსთვის დამაზიანებელ კამპანიაზე ზრუნავენ.
ინფორმაცია ლობისტური საქმიანობის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა აშშ-ში მოქმედი კანონის უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ (FARA), რომლის ანალოგის მიღებასაც 2023 წელს საქართველოში გეგმავდნენ, მაგრამ თბილისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო ის არ იქნა მიღებული.
საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ასევე ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის ინიციატორები და მმართველი პარტია ამტკიცებდნენ, რომ ის საჭიროა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
მოგვიანებით „ქართული ოცნების“ ზოგიერთმა ლიდერმა აღიარა, რომ ვერ დაარწმუნეს საზოგადოება ინიციატივის სარგებლიანობაში, ხოლო ოპოზიციის პიარ-კამპანია იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მისაღები პროექტი რუსული კანონის ანალოგიურია და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებას, უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
სააკაშვილის თემა არ უნდა იყოს მუდმივად პოლიტიკური დღის წესრიგი - გახარიას პარტია>>>
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს. მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.