უეფა: კლუბი „სარაევო“ ქუთაისის სტადიონზე ქომაგების საქციელის გამო დაჯარიმდა

ქუთაისის „ტორპედომ“ ბოსნიის კლუბ „სარაევოს“ უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში სტუმრად პენალტების სერიაში მოუგო.
Sputnik
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. უეფას სადისციპლინო კომისიამ ბოსნიის საფეხბურთო კლუბი „სარაევო“ ქუთაისის „ტორპედოსთან“ კონფერენს ლიგის პირველი მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის გამო 15 ათასი ევროთი დააჯარიმა, ხოლო მათ ფანკლუბს, რომლის სახელიც „ბოროტების ურდოა“, ევროთასების მომდევნო თამაშზე დასწრება აუკრძალა – ინფორმაციას „პირველი არხი“ sport1.oslobodjenje-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
კონფერენს ლიგაზე „ტორპედოსა“ და „სარაევოს“ პირველი მატჩის დაწყებამდე ქუთაისში ტრიბუნაზე ინციდენტი მოხდა, რომლის შედეგაც „სარაევოს“ ფანები სტადიონიდან გააძევეს. ადგილობრივი გულშემატკივრები მეტოქის ქომაგთა სექტორს მიუახლოვდნენ, რასაც ბოსნიელთა მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. პოლიციამ „სარაევოს“ ქომაგები სტადიონიდან გააძევა.
იმის გათვალისწინებით, რომ ორი თამაშის ჯამში „სარაევო“ „ტორპედოსთან“ დამარცხდა და კონფერენს ლიგას გამოეთიშა, „ბოროტების ურდოს“ ევროტურნირებზე მომდევნო მატჩამდე, მინიმუმ, ერთი წელი მოუწევთ ლოდინი.
აღსანიშნავია ისიც, რომ კონფერენს ლიგის პირველ ეტაპზე თამაშისათვის „სარაევომ“ დაახლოებით 250 ათასი ევრო მიიღო.
ქუთაისის „ტორპედომ“ ბოსნიის კლუბ „სარაევოს“ უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში სტუმრად პენალტების სერიაში მოუგო. პირველი მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
„ტორპედო“ კონფერენს ლიგის მეორე შესარჩევ ეტაპზე გავიდა, სადაც ყაზახეთის „აქტობეს“ შეხვდება.