თბილისში იაპონური შოუ Natsu Matsuri 2023 იხსნება

ეს ერთადერთი ღონისძიებაა თბილისში, რომელიც იაპონიის და ანიმეს მოყვარულებს დაუვიწყარ სანახაობას სთავაზობს.
Sputnik
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. თბილისში, Silk Factory Studio-ს სივრცეში 23 ივლისს იაპონური ზაფხულის ფესტივალი „ნაცუ-მაცური" (Natsu Matsuri 2023) გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.
ეს ერთადერთი ღონისძიებაა თბილისში, რომელიც იაპონიის და ანიმეს მოყვარულებს დაუვიწყარ სანახაობას სთავაზობს. „ნაცუ-მაცური" თბილისში 2015 წლიდან იმართება და იაპონური კულტურის ათასზე მეტ თაყვანისმცემელს იზიდავს. ღონისძიების ორგანიზატორი, ტრადიციულად, იაპონური ენისა და კულტურის ცენტრია.
ქოსპლეის კარნავალი პეკინში
ფესტივალზე სტუმრებს დახვდებათ იაპონური გარემო, რომელიც განათდება 100 იაპონური ფარანით. მოეწყობა სხვადასხვა თემატური კუთხე, დახლები, სადაც გაიყიდება მანგები, ანიმე-ფიგურები, ანიმე-აქსესუარები, მაისურები და ა.შ.
ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ სხვადასხვა ტრადიციულ იაპონურ კერძს, რომელსაც იაპონელი, უკრაინელი და ქართველი მზარეულები მოამზადებენ. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს ვოკალური ანსამბლი „იამაბიკო“, რომელიც იაპონურ სიმღერებს შეასრულებს.
ფესტივალი 12 საათზე დაიწყება და 20 საათზე დასრულდება. ფინალში გაიმართება ქოსფლეიერთა შეჯიბრი, სადაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები
ფესტივალს არ აქვს დრესკოდი, თუმცა ორგანიზატორები მოხარული იქნებიან, თუ სტუმრები მივლენ იაპონური სამოსით ან ქოსფლეით, რათა ღონისძიება უფრო ლამაზი და სანახაობრივი გახდეს.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია აქ.