„მოქალაქე წმინდანი“: ქართული ფილმი სერბეთში კინოფესტივალის გამარჯვებულია

ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მეშახტეების ქალაქის მთავარ მოედანზე აღმართულია ჯვარი წმინდანის გამოსახულებით, რომელსაც ადგილობრივები თავის მფარველად თვლიან.
Sputnik
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „მოქალაქე წმინდანი“(Citizen Saint) პალიჩის XXX ევროპული კინოფესტივალის პრიზიორი გახდა. კინოფესტივალი სერბეთში 16-21 ივლისს გაიმართა.
ფილმის მსოფლიო პრემიერა მიმდინარე წლის 6 ივლისს, კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.
ქართული ფილმი დასახელდა გამარჯვებულად პროგრამაში „პარალელები და შეხვედრები“ (Parallels and Encounters).
პალიჩის კინოფესტივალი
ფილმის სიუჟეტის მიხედვით, მეშახტეების ქალაქის მთავარ მოედანზე აღმართულია ჯვარი წმინდანის გამოსახულებით, რომელსაც ადგილობრივები თავის მფარველად თვლიან. მაგრამ ერთ დღეს ჯვარს მოხსნიან შესაკეთებლად, წმინდანის ქანდაკება მოულოდნელად გაქრება, ქალაქის მცხოვრებლებს შორის კი იდუმალი უცნობი გამოჩნდება.
თავის მესამე ფილმში, სატირულ იგავში წმინდანის შესახებ, რომელიც ჯვრიდან ჩამოდის რათა იცხოვროს მოკვდავებს შორის, ყაჯრიშვილი სვამს კითხვას - ვისი უნდათ რომ ირწმუნონ ადამიანებმა? წმინდანებს უფრო მეტი მნიშვნელობა აქვთ, როგორც უსულო სიმბოლოებს, თუ არსებობის უფლება აქვთ როგორც ცოცხალ ადამიანებს?
პალიჩის კინოფესტივალი
ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ლევან ბერიკაშვილი, გიორგი ბაბლუანი, მარი კიტია და გია ბურჯანაძე. თინათინ ყაჯრიშვილი არის რეჟისორი, სცენარისტი, ასევე პროდიუსერი ლაშა ხალვაშთან ერთად. ფილმი საქართველოს კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.
პალიჩის ევროპული კინოფესტივალი (European Film Festival Palić) ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა სერბეთში, ყველაზე მნიშვნელოვანი კინოფესტივალია რეგიონში და სრულიად ევროპული კინოკონტენტის მქონე ერთ-ერთი მცირერიცხოვანთაგანია მსოფლიოში.
კინოჩვენების მიზანია წარმოაჩინოს თანამედროვე ევროპული კინოს ყველაზე ხარისხიანი მიღწევები და განავითაროს საავტორო და მხატვრული კინოს ტრადიციები.