ონკოდაავადებული ბავშვების მკურნალობაზე განაცხადების მიღება ორშაბათიდან დაიწყება

Sputnik
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვები სახელმწიფოს დაფინანსებით მკურნალობას, საქართველოს გარდა, თურქეთში, ისრაელსა და ესპანეთში შეძლებენ, ამ ქვეყნების წამყვან კლინიკებთან კონტრაქტებს უკვე მოეწერა ხელი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
მისი თქმით, შესაბამისი განაცხადების მიღება ორშაბათიდან, 24 ივლისიდან დაიწყება.

„ორშაბათიდან შეგვიძლია განაცხადების მიღება და ამ პროცესის ორგანიზება სპეციალური ბორდის მეშვეობით, თუ რომელ ბავშვს რომელ კლინიკაში შეგვიძლია შევთავაზოთ გაშვება, ადგილზე იმკურნალებს თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ“, — განმარტა მან.

მინისტრის თქმით, შესაბამისი საბჭო, რომელშიც უცხოელი ექიმებიც შედიან, უკვე შექმნილია. სწორედ ეს საბჭო „იმსჯელებს კონკრეტული ბავშვის მდგომარეობაზე და იმ სავარაუდო მკურნალობის მეთოდებზე, რომელიც ამა თუ იმ კლინიკაში შეიძლება გაეწიოს მას“.
ამასთან აზარაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საბჭო გადაწყვეტს, რომ ბავშვის მკურნალობა საქართველოშიც შეიძლება და უცხოეთშიც, თავად მშობელი გადაწყვეტს, თუ სად ურჩევნია მას პროცედურების ჩატარება. მკურნალობა ნებისმიერ შემთხვევაში სრულად დაფინანსდება.
მინისტრის თქმით, იმ კლინიკებს შორის, რომლებშიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს უმკურნალებენ, არის იაშვილის სახელობის კლინიკა (საქართველო), „იხილოვის“ კლინიკა (ისრაელი), „ქირონის“ კლინიკა (ესპანეთი) და „ანადოლუს“ კლინიკა (თურქეთი).