მოწოდება ექსტრემიზმისკენ: მოსკოვში ბლოგერი იგორ სტრელკოვი დააკავეს

Sputnik
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. დაკავებულია რუსეთის ახალ რეგიონად წოდებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ თავდაცვის ყოფილი მინისტრი იგორ სტრელკოვი (გირკინი), რომელსაც ბრალად ინტერნეტით ექსტრემიზმისკენ მოწოდება ედება, იუწყება „რია ნოვოსტი“.
გავრცელებული ინფორმაციით, მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქმე დღესვე გადაეგზავნა მეშჩანსკის რაიონის სასამართლოს, სადაც უკვე გაიმართა პირველი სხდომა. გამოძიებამ სტრელკოვის დაპატიმრება მოითხოვა. თავად დაკავებულმა კი დარბაზიდან მასმედიის გაყვანა და მისი დაპატიმრების თაობაზე გამოძიების დახურულ რეჟიმში განხილვა ითხოვა. მაგრამ მოსამართლემ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, სტრელკოვი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი, სადაც ორ თვეს (18 სექტემბრამდე) დაჰყოფს.
არსებული ცნობით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამასთან არც გამოძიებასთან თანამშრომლობს.
მანამდე სტრელკოვის დაკავების თაობაზე ინფორმაცია მისმა მეუღლემ მიროსლავა რეგინსკაიამ გაავრცელა Telegram-არხით. მისი თქმით, საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლებმა იგორ სტრელკოვი დაახლოებით 11:30 საათზე დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
იგორ სტრელკოვი (ნამდვილი სახელი იგორ გირკინი) რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი თანამშრომელია. ბოლო დროს ის აქტიურ პუბლიცისტურ მოღვაწეობას ეწეოდა – მის Telegram-არხს 875 ათასი ხელმომწერი ჰყავს.