მსოფლიო დღეს

ერდოღანს სჯერა, რომ პუტინს მარცვლეულის გარიგების აღდგენაზე დაიყოლიებს

Sputnik
თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკების შემდეგ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელება შესაძლებელია.
აღნიშნულის თაობაზე ერდოღანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებში ტურნეს შემდეგ განუცხადა ჟურნალისტებს.
თურქეთის ლიდერის თქმით, ის პუტინთან „მარცვლეულის გარიგების“ გაგრძელების თაობაზე ტელეფონითაც ისაუბრებს და ეს ასევე იქნება საუბრის თემა რუსეთის პრეზიდენტის თურქეთში ვიზიტის დროს, რომელიც აგვისტოშია დაგეგმილი.

„შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტას არაერთი უარყოფითი შედეგი მოჰყვება, კერძოდ, სურსათზე ფასების ზრდა, შიმშილი და მიგრაციის ახალი ტალღა. ჩვენ კვლავაც ავიღებთ ინიციატივას საკუთარ თავზე, რათა ვითარების ამგვარი კომბინაცია თავიდან ავიცილოთ. მჯერა, რომ ბატონ პუტინთან მოლაპარაკებები ამ ჰუმანიტარული ინიციატივის გაგრძელებას უზრუნველყოფს“, — განაცხადა ერდოღანმა.

ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ თავის მხრივ რუსეთის ლიდერსაც აქვს გარკვეული მოლოდინები დასავლეთის ქვეყნებისგან და მათაც „შესაბამისი ზომები უნდა მიიღონ“.
თურქეთის ლიდერის თქმით, მისი ქვეყანა ყველა ძალისხმევას გამოიყენებს „მარცვლეულის გარიგების“ აღსადგენად.
რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან, რომელსაც 2022 წლის 22 ივლისს მოაწერეს ხელი რუსეთის, თურქეთის, უკრაინისა და გაეროს წარმომადგენლებმა, მიმდინარე წლის 17 ივლისს გავიდა. აღნიშნული ინიციატივა უკრაინული მარცვლეულის, სურსათისა და სასუქის შავი ზღვის გავლით ექსპორტს გულისხმობს.
ხელშეკრულებიდან გასვლის მიზეზად კრემლმა შეთანხმების მეორე ნაწილის, რუსეთი-გაეროს მემორანდუმის შეუსრულებლობა დაასახელა, რომელიც რუსული სურსათისა და სასუქების ექსპორტის განბლოკვას, „როსსელხოზბანკის“ SWIFT-თან ხელახლა დაკავშირებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სათადარიგო ნაწილებისა და სერვისების მიწოდების განახლებას, ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის მუშაობის აღდგენასა და რიგ სხვა ღონისძიებებს ითვალისწინებდა.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი განიხილავს გარიგებაში დაბრუნების შესაძლებლობას, თუ მასში მონაწილეობის ყველა პრინციპი განხორციელდება.