თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. საქართველოს შსს და გენერალური პროკურატურა იუწყებიან ნარკორეალიზატორთა ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი სქემის გახსნის და 22 პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ - მათ შორის არიან საქართველოს, ბულგარეთის და თურქეთის მოქალაქეები.
„პოლიციის მიერ სხვადასხვა დროსა და ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამ ეტაპზე დაკავებული და პასუხისგებაში მიცემული არის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 22 წევრი“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
აჭარაში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 ხელმძღვანელ პირს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი.
გარდა ამისა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 3 პირი: საქართველოს მოქალაქეები და მოქმედი ადვოკატები - 1984 წელს დაბადებული მ.ზ. და 1986 წელს დაბადებული ა.ფ., ასევე თურქეთის მოქალაქე 1971 წელს დაბადებული მ.ჩ.
დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე პირებს საქართველოში უკანონოდ შემოჰქონდათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ბუპრენორფინი“, „მეტადონი“, „მეტამფეტამინი“, „ამფეტამინი“ და „მდმა“.
ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს შემდგომი რეალიზაციის მიზნით აფასოებდნენ და ე.წ. დადების მეთოდით სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებულ თანხებს კი ათეთრებდნენ.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, დაკავებული ადვოკატები განკარგავდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სარგებლობაში არსებულ საბანკო ანგარიშებს. ისინი, ფულის წარმომავლობის დამალვის მიზნით, თანხებს უცხოურ ვალუტაში აკონვერტირებდნენ და უკანონო ნარკოვაჭრობაში ჩართული პირების ანგარიშებზე რიცხავდნენ.
პოლიციამ, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, ავტომობილები, ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე ამოღებულია სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალება - კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ბრალდებული პირები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) და 194-ე მუხლებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ანუ ფულის გათეთრება) მიმდინარეობს. ყველა დაკავებულს 20 წლამდე ვადით ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ბრალდების მხარემ სასამართლოს ყველა მათგანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის გამოყენების თაობაზე შუამდგომლობით მიმართა.
გამოძიების მიერ განხორციელდება შესაბამისი პროცედურები საზღვარგარეთ მყოფი ბრალდებულების ზუსტი ადგილსამყოფელის დადგენის და მართლმსაჯულების წინაშე მათი წარდგენის მიზნით.
ამავდროულად, სასამართლოს შესაბამისი განჩინებით, ყადაღა დაედო საქართველოში ორგანიზებული ჯგუფის საბანკო ანგარიშებს და მათზე განთავსებულ ფულად თანხებს, ასევე უძრავ-მოძრავ ქონებას.
წყარო - შსს, გენერალური პროკურატურა