საქართველო-უკრაინის დიპლომატიური სკანდალი: ბრეგაძის კომენტარი ზელენსკის გადაწყვეტილებაზე

Sputnik
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საქართველოს ელჩის კიევიდან თბილისში გამოშვების თაობაზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება დიპლომატიურ პრაქტიკაში უპრეცედენტო შემთხვევაა, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა უკრაინა 6 ივლისს დატოვა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის საგარეო უწყებამ პრეზიდენტ ზელენსკის დავალებით ქართველ დიპლომატთან მტკიცე პროტესტი გამოთქვა პატიმარ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ელჩს თბილისთან კონსულტაციებისთვის ქვეყნის 48 საათში დატოვება შესთავაზეს.

„რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს და ბოლო მოწოდებას, რომ საქართველოს ელჩმა დატოვოს უკრაინა და ჩამოვიდეს საქართველოში, დიპლომატიური პრაქტიკისთვის არის აქამდე უცნობი აქტი, მსგავსი რამ არ ხდება და პრაქტიკულად ამის მაგალითები არ არსებობს“, — განაცხადა ბრეგაძემ.

მინისტრმა სრულიად გაუგონარი უწოდა იმ ფაქტს, რომ ადამიანს, რომელიც „საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ასე ვაჟკაცურად იდგა უკრაინელი ხალხის გვერდით“, მოუწოდეს დაეტოვებინა უკრაინა და ჩამოსულიყო საქართველოში კონსულტაციების გასამართად იმ ადამიანთან დაკავშირებით, რომელიც სუვერენულ სახელმწიფოში სასჯელს იხდის.
„რაზე შეუძლია ელჩს [კონსულტაციები გამართოს] საქართველოს ხელისუფლებასთან, როცა არსებობს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი? ადამიანი სასჯელს იხდის და მისი გათავისუფლების ფორმალური საფუძველი არ არსებობს", — განაცხადა ბრეგაძემ.
მისი თქმით, სააკაშვილს სასამართლომ უარი უთხრა ჯანმრთელობის მოტივით სასჯელის გადავადებაზე ან გათავისუფლებაზე, ხოლო სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა სამკურნალოდ პოლონეთში გადაყვანაზე.
ელისაშვილი: უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს შეურაცხყოფა მიაყენა>>>
მანამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უკრაინის გადაწყვეტილებას საფუძველს მოკლებული უწოდა და აღნიშნა, რომ ოფიციალური თბილისი უკრაინის გადაწყვეტილებაზე ამ ეტაპზე რეაგირებას არ მოახდენს, თუმცა ეს სამომავლოდ ქვეყნებს შორის განხილვის საგანი იქნება.

საქართველო-უკრაინის ურთიერთობები

2020 წელს მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნის გამო საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული ისედაც დაძაბული ურთიერთობა, უკრაინაში კონფლიქტის ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა. უკრაინული მხარე მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმის გამო, მეტიც, სანქციების გვერდის ავლაში რუსეთის დახმარებაში ადანაშაულებს.
საქართველოს მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას, რათა საკუთარი მდგომარეობა შეიმსუბუქონ. „ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანამოაზრეებიც ამისკენ ისწრაფვიან.
ურთიერთობების გაუარესების კიდევ ერთი მიზეზი გახდა უკრაინის მიერ საქართველოს ცალკეული მოქალაქეებისა და კომპანიების მიმართ დაწესებული სანქციები.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, უკრაინამ სანქცირებულთა სიაში შეიყვანა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე ქეთევან ხარაიძე, უჩა მამაცაშვილი და მისი ვაჟი ტიტე მამაცაშვილი, ახლახან კი – ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და მისი დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი.
გარდა ამისა, უკრაინას საქართველოში ელჩი ამ დრომდე არ დაუნიშნავს. ბოლო ელჩმა იგორ დოლგოვმა თანამდებობა 2022 წლის 24 ივნისს დატოვა.