პოლიციის აკადემიას ახალი რექტორი ჰყავს

ზურაბ ზუბადალაშვილი ძალოვან უწყებაში 24-წლიანი სამსახურის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა.
Sputnik
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორად ზურაბ ზუბადალაშვილი დაინიშნა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახალი ხელმძღვანელი აკადემიის თანამშრომლებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წარუდგინა, რომელმაც ახლადდანიშნულ რექტორთან ერთად აკადემიის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები განიხილა.
აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე ზუბადალაშვილს შსს-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტი ეკავა, ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, იგი ძალოვან უწყებაში 24-წლიანი სამსახურის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა.