მედიაპლატფორმა Bloomberg საქართველოში მაღალშემოსავლიანი ტურისტების მოზიდვაზე მუშაობს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მასშტაბური კამპანია Bloomberg-ზე წლის ბოლომდე გაგრძელდება.
Sputnik
თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. მთელი მსოფლიოდან მხარჯველუნარიანი ტურისტების საქართველოში მოზიდვა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედიაპლატფორმა Bloomberg-ის ახალი მარკეტინგული კამპანიის მიზანია, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, Bloomberg-ის აუდიტორიის დიდი ნაწილი მაღალშემოსავლიანი ადამიანებისგან შედგება. მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში Bloomberg მილიონობით მაყურებელს და სოციალური ქსელების მომხმარებლებს საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს გააცნობს.
კერძოდ, კამპანიის ფარგლებში Bloomberg საქართველოს ტურისტული პოტენციალის, ღვინის, გასტრონომიის, ცხოვრების წესის (ე.წ. Lifestyle) შესახებ ორ ვიდეორგოლს განათავსებს. ამ მიზნით პოპულარული გადაცემა Sorted Food-ის ორი წამყვანი საქართველოს ეწვევა.
ამასთან, მედიაპლატფორმაზე განთავსდება ვიდეორგოლი საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმის შესახებ და ორი სტატია ქვეყნის ღირსშესანიშნაობების თაობაზე. საქართველოს შესახებ რეკლამა სოციალურ ქსელებში გავრცელდება.
Bloomberg-ის მარკეტინგული კამპანია მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.