თბილისის მერია იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას იწყებს

იგეგმება როგორც ინფრასტრუქტურული, ისე გამწვანების სამუშაოები, აღნიშნა კახა კალაძემ.
Sputnik
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. თბილისის მერია ზვიად გამსახურდიას სახელობის მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს იწყებს, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კალაძემ თავის მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს მშრალი ხიდიდან ბარათაშვილის ხიდამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და ბარათაშვილის ხიდიდან ჩამომსვლელ პანდუსზე გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა – LED სანათების მონტაჟი დაავალა.
„მგონია, რომ ქალაქის ცენტრში ეს ერთადერთი ადგილია, რომელიც ჩაბნელებულია და განათების მხრივ პრობლემა არსებობს. ამიტომაც დავიწყოთ სამუშაოები რაც შეიძლება სწრაფად, რათა დროულად მოწესრიგდეს ყველაფერი“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც მერმა აღნიშნა, კონკრეტულად მშრალი ხიდიდან ბარათაშვილის ხიდამდე არსებული საგზაო მონაკვეთი მთლიანად მოსაწესრიგებელია. ამასთან, იუსტიციის სახლის წინ არსებულ სივრცეში არის შესაძლებლობა, რომ შესაბამისი გამწვანების სამუშაოები ჩატარდეს, დასძინა მერმა.