თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. უკრაინის ხელისუფლება თავისი საქციელით არღვევს მეგობრობასა და დიპლომატიას საქართველოს მიმართ, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა უკრაინა 6 ივლისს დატოვა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის საგარეო უწყებამ პრეზიდენტ ზელენსკის დავალებით ქართველ დიპლომატთან მტკიცე პროტესტი გამოთქვა პატიმარ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ელჩს თბილისთან კონსულტაციებისთვის ქვეყნის 48 საათში დატოვება შესთავაზეს. უკრაინის უმაღლესმა რადამ კი მიიღო დადგენილება, რომელშიც მიმართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თხოვნით, შეიწყალოს სააკაშვილი ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე.
„არავის მადლიერებას არ ვითხოვთ, მაგრამ ყოველგვარი მეგობრობის, დიპლომატიის, თუ ყოველგვარი ეტიკეტის დარღვევაა, როცა ჩვენი ელჩი, რომელიც ალბათ ბოლო ელჩი იყო, რომელიც ბოლო წუთამდე დარჩა კიევში... მთავარი ორგანო, ვინც დაადგინა ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი სახელმწიფოს სიმართლე, არის სტრასბურგის სასამართლო და არა კორუმპირებული და სააკაშვილის მიერ მოსყიდული ესა თუ ის ევროპარლამენტარი, უკრაინის რადას წევრი თუ ნებისმიერი სხვა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან პრემიერმა დასვა კითხვა – ხომ არ არის ეს კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ იცოდა საქართველოში სააკაშვილის შემოსვლის შესახებ 2021 წელს.
„თუნდაც მათი განსაკუთრებით დაინტერესება სააკაშვილის თემით ხომ არ ადასტურებს, ხომ არ ამყარებს ჩვენ მიერ მანამდე გაცხადებულ და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომ, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილის ჩამოსვლის დროს წინასწარ იყო ინფორმირებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლებას არ ჰქონია რეაგირება სააკაშვილის მხრიდან კანონის დარღვევაზე, როდესაც მან საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.
„არათუ რეაგირება და გამოძიება არ დაიწყეს, პატიმარი სააკაშვილი დღემდე იკავებს თანამდებობას, თუ არ ვცდები, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
გარდა ამისა, პრემიერის თქმით, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძე პირადად იღებდა მონაწილეობას სააკაშვილის „კონტრაბანდული გზით“ გამომგზავრებაში და ამის შემდეგ ის დააწინაურეს და უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილის პოსტზე დანიშნეს.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინას მიაწოდა სააკაშვილის გამომგზავრებაში ლორთქიფანიძის ჩართულობის მტკიცებულებები, რაზეც მათ რეაგირება არ მოუხდენიათ.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ექს-პრეზიდენტმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. ის საქართველოში 29 სექტემბერს არალეგალურად შემოვიდა ბორნით, რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც უკრაინის პორტ ჩერნომორსკიდან ფოთის მიმართულებით მოდიოდა.
2021 წლის დეკემბერში უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთაზე საქმე აღიძრა და საქმის ფარგლებში შიდა შემოწმების შედეგად ქვეყნის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი დისციპლინურ პასუხისგებაში მიეცა.