თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. უზბეკეთი აპირებს საქართველოში საზღვაო ტერმინალების აშენებას და დაქირავებას, ასევე ერთობლივი ძალისხმევით საავტომობილო გადაზიდვების განვითარებას და ინოვაციების დანერგვას სატრანსპორტო სექტორში, განაცხადეს უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროს პრეს-სამსახურში.
ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრმა ილჰომ მახკამოვმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მოაწერეს.
დოკუმენტს ხელი მოეწერა 17-18 ივლისს უზბეკეთის სამთავრობო დელეგაციის საქართველოში ვიზიტის დროს, აღნიშნავენ უწყებაში.
„მემორანდუმი მოიცავს საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში საზღვაო ტერმინალების/საწყობების მშენებლობას/გრძელვადიან იჯარას, თანამშრომლობას სამოქალაქო ავიაციის სფეროში, საავტომობილო გადაზიდვების განვითარებას, ასევე ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის სფეროში ინოვაციების ერთობლივ კვლევას და გამოყენებას“, – ნათქვამია ტრანსპორტის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე.
უწყების ცნობით, 2022 წელს ფოთისა და ბათუმის პორტებით უზბეკეთის ექსპორტ-იმპორტის გადაზიდვების მოცულობა 2021 წელთან შედარებით 1,72-ჯერ გაიზარდა და 864 ათასი ტონა შეადგინა.