თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საჰარის უდაბნოდან ევროპისკენ დაძრული ანტიციკლონი „ქარონი“ იტალიიდან საბერძნეთამდე ტერიტორიას რეკორდული სიცხეებით ემუქრება, იუწყება Bloomberg მეტეოროლოგიურ სამსახურებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, სიცხე, რომელმაც უკვე მოიცვა ხმელთაშუა ზღვა, კიდევ მეტად გაძლიერდება და უკვე 19 ივლისისთვის შესაძლოა იტალიის კუნძულ სარდინიაზე 50 გრადუსს მიაღწიოს.
აღინიშნება, რომ ამ დროისათვის ანომალიური სიცხეები შეინიშნება ათენში (საბერძნეთი), რომსა (იტალია) და მადრიდში (ესპანეთი).
სააგენტოს ინფორმაციით, სამხრეთ ევროპის ქვეყნების ხელისუფლებები უკვე აფრთხილებენ მოსახლეობას სიცხის გამო სავარაუდო ხანძრებისა და სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტურუქტურის შეფერხებების თაობაზე.
ათენის შემოგარენში უკვე დაიწვა რამდენიმე სახლი, ხოლო კანარის კუნძულ პალმაზე ბუნებრივი ხანძრები დაიწყო. ამის გამო კუნძულიდან 4 ათასი ადამიანის ევაკუირება გახდა საჭირო.
მანამდე ჰაერის რეკორდული ტემპერატურა ევროპაში ორი წლის წინ დაფიქსირდა, როდესაც იტალიის კუნძულ სიცილიაზე სიცხემ 48,8°C-ს მიაღწია.
როგორც მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია პროგნოზირებს, ექსტრემალური ამინდები შესაძლოა ახალ ნორმად ჩამოყალიბდეს.
წყარო: Bloomberg